აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ირკუტსკის რეგიონში საშიში ინფექციის (ჭირის) შესაძლო შემთხვევისა და საკარანტინო ზომების შესახებ ინფორმაციას აკვირდება. ამის შესახებ Axios-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა.
საქმე ეხება 28 წლის დარია შიპილოვას, რომელიც ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა და 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 25 სექტემბერს მას ლაბორატორიაში შესაძლოა ჭირის გამომწვევი ბაქტერიის – Yersinia pestis-ის შემცველი სინჯარა გაუტყდა. თუმცა, რუსეთის ჯანდაცვის უწყებებს მისი ჭირით დაინფიცირება ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
შიპილოვას გარდაცვალების შემდეგ დაახლოებით 200 ადამიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ მოაქციეს, მათ შორის ადამიანები, რომლებსაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ დაავადების ნიშნები არ აღენიშნებათ და ჩატარებული ტესტების შედეგები უარყოფითია.
რუსეთის სამომხმარებლო უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ქალს დაუდგინდა „გაურკვეველი ეტიოლოგიის პნევმონია“ და დამატებითმა კვლევებმა მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები ვერ გამოავლინა. უწყება ასევე ამბობს, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შემთხვევას CDC-სა და სხვა უწყებებთან ერთად ყურადღებით აკვირდება და რუსეთის ხელისუფლებას ინფორმაციის სწრაფად და გამჭვირვალედ გავრცელებისკენ მოუწოდა.
