ევროპელი ლიდერები 2023 წლის შვიდ ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმას ეხმაურებიან და ისრაელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შვიდი ოქტომბრის თავდასხმა „ჰამასის“ მხრიდან ტერორის ბარბაროსული აქტია.
„ჩვენ მთელ ევროპაში ანტისემიტიზმის ნებისმიერი ფორმა მტკიცედ უნდა უარვყოთ. ებრაულ თემებს უნდა შეეძლოთ ღიად, უსაფრთხოდ და შიშის გარეშე ცხოვრება“, – წერს კაია კალასი.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, „ჰამასის“ შვიდი ოქტომბრის თავდასხმა ღრმა განხეთქილებას ნიშნავს.
„ჩვენ კიდევ უფრო დიდი მტკიცე გადაწყვეტილებით უნდა დავუპირისპირდეთ ანტისემიტიზმს. ებრაელ ქალებსა და მამაკაცებს აქ შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ ცხოვრება“, – წერს ფრიდრიხ მერცი.
სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც. მან აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლა ყველგან და ყოველთვის საფრანგეთის ვალია.
„3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰამასის მიერ განხორციელებულმა ბარბაროსულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩვენი 51 თანამემამულის“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბერს, დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა. მათ მოკლეს და ტყვედ აიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა. აღნიშნულმა ღაზის სექტორში ხანგრძლივი შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია.
