„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ნოემბერში საერთაშორისო ფორუმის გამართვას გეგმავს.
პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ფორუმის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.
პარტიის წევრთა განცხადებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დაფუძნების მთავარი მიზანი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ დოგმებისა და ილუზიების ნაცვლად, რაციონალური მსჯელობის შემოტანა იყო.
მათი განმარტებით, დღესდღეობით, ნეიტრალიტეტი, როგორც ახალი პოლიტიკური დისკურსი, უკვე დამკვიდრდა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგში, ხოლო შემდეგი ეტაპობრივი ამოცანა ამ საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაა.
„სწორედ ამ მიზნით, 2026 წლის 5-6 ნოემბერს თბილისში გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით: „საქართველო – მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“. ფორუმის თანაორგანიზატორია „ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი, კიოტოს უნივერსიტეტის შვეიცარიელი პროფესორი პასკალ ლოტაზი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ათზე მეტი სპიკერი მსოფლიოს რვა ქვეყნიდან, რომლებიც აკადემიურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებს წარმოადგენენ. როგორც საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ნეიტრალიტეტის იდეის ინიციატორი, პარტია საზოგადოებას სთავაზობს თავისუფალ პლატფორმას, სადაც თანამედროვე გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მოხდება ნეიტრალიტეტის პერსპექტივების გაანალიზება და რაციონალური მსჯელობა. აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ნეიტრალიტეტის იდეის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის ხშირად იყენებენ ცრუ იარლიყებს, რისი საშუალებითაც საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას ცდილობენ. პარტია ნეიტრალიტეტს ხედავს არა როგორც დროებით მანევრს ან სისუსტის გამოხატულებას, არამედ როგორც სახელმწიფოს სტრუქტურულ ჩარჩოს, რომელიც ხანგრძლივად განსაზღვრავს საქართველოს ადგილს გეოპოლიტიკურ სისტემებში და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“ ,- აცხადებენ „ერთიან ნეიტრალურ საქართველოში“.
