“ნახევრად ირონიით ვიტყვი, რომ შვილი ასეთი უნდა გაზარდო მამამ, როგორც ბურჭულაძემ და ჩახუნაშვილმა გაზარდეს შვილები, რომ საკუთარ მამას ციხეში ტოვებენ. ეს არის სინამდვილეში, ნაცობა რასაც ნიშნავს, პირდაპირი გადმოთარგმნა ოჯახურ ურთიერთობაში. ასე, რომ ნაცი ოჯახშიც ნაცია და ქუჩაშიც ნაცია.” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ტანზანიაში ვიზიტის დროს, მედიასთან ისაუბრა.
როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, დაკავებულები “ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები” არიან. მისი თქმით, დასავლელი დიპლომატები და პოლიტიკოსები, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, თვეების განმავლობაში არწმუნებდნენ მხარდამჭერებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო, ხოლო პრეზიდენტის სასახლე არის დაკავებული არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ.
“სერიოზულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, მე არაერთხელ მითქვამს, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან, ისინი არიან მათ შორის, ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები. ისინი ჯერ შეაგულიანეს თვეების განმავლობაში, ხდებოდა კულტივირება აზრის. მათ შორის ევროკავშირის ელჩის პირადი ჩართულობით და ზოგიერთი ელჩების, დიპლომატების, პოლიტიკოსების ჩართულობით თვეების განმავლობაში 2024 წლის არჩევნებიდან ხდებოდა კულტივირება იმ აზრის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს კანონიერი პრეზიდენტი, ამას უნერგავდნენ თავში საკუთარ ექსტრემისტ მხარდამჭერებს, შემდეგ ეს ექსტრემისტები შეიკრიბნენ და წვეთწვეთად ტვინში უნერგავდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, ხოლო პრეზიდენტის სასახლე არის დაკავებული არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ.
ამას უწვეთავდა პირადად ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები.
გამოვიდა შემდგომ ევროკომისიის პრეს სპიკერი, რომელმაც თქვა, რომ მხარს ვუჭერთ 4 ოქტომბრის აქციას, რომელიც დაანონსებული იყო როგორც დამხობის აქცია, მხარი დაუჭირა დამხობის აქციას, პროპაგანდა ჰქონდათ, რომ ზურაბიშვილი იყო მათ თვალში წარმოჩენილი ნამდვილ პრეზიდენტად და მივიღეთ ეს, რომ შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე. აღმოჩნდნენ შემდეგ, რა თქმა უნდა, ციხეში, იხდიან სასჯელს და რა მიიღეს სანაცვლოდ? სანაცვლოდ მიიღეს ის, რომ ისინი არიან დღეს მხოლოდ მასალა ევროპარლამენტის რეზოლუციებისთვის და ეგეთი განცხადებებისთვის. მასალად ჰყავს გამოყენებული დღეს ბრიუსელს ეს ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან იმისთვის, რომ საქართველო დააზიანონ და განცხადებებით მიიტანონ ხოლმე შეტევა. ამიტომ, ეს ადამიანები დღეს არიან ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები და მათსავე ინტერესში არის, რომ უპირველესად საკუთარი თავი იარაღად არ გამოაყენებინონ ბრიუსელს და შესაბამისად, აღიარონ საკუთარი დანაშაული ქვეყნის წინაშე.” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
