თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ორგანიზაციის თაღლითურობა ჯერ კიდევ 2023 წელს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებული განცხადებებით გამომჟღავნდა.
„ის, რომ Amnesty International-ი თაღლითობის გზაზე იყო დამდგარი, ჯერ კიდევ 2023 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სააკაშვილის სამართლიანი სასჯელისგან დახსნის უცხოურ დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩაერთო.
Amnesty International-ის ქვემოთ მოყვანილი ცილისმწამებლური განცხადებიდან სულ რამდენიმე კვირაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ის რასაც ეს ორგანიზაცია, ისევე, როგორც სააკაშვილის უცხოელი პატრონები აცხადებდნენ, იყო თაღლითური ტყუილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სააკაშვილს არა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება სჭირდებოდა, მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროებაც კი არ იყო.
ამ სამარცხვინო თაღლითობიდან ცოტა ხანში სამყარომ შეიტყო, რომ მომაკვდავი დიქტატორი სასწაულებრივად აღარ მოკვდა, კახექსია დაძლია, დემენციისგან განიკურნა და შვილიც შეეძინა. თაღლითური გზით სააკაშვილის მართლმსაჯულებისგან დახსნის ოპერაცია ჩავარდა, Amnesty International-მა კი დიდი ხნით დაიმკვიდრა თაღლითის სახელი“, – წერს პაპუაშვილი.

