აქტიური მზადება მიმდინარეობს ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და, რა თქმა უნდა, აქ წამყვანი როლი აქვს ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ზამთრის ტურისტულ სეზონზე საუბრისას აღნიშნა, რომ წელს გუდაურში განსაკუთრებული სიახლეები იქნება.
„ეს შეეხება ახალ სასრიალო ტრასებს, ახალ საბაგიროებს, თითქმის 8 კმ დამატებით იქნება გათოვლიანებული, მოეწყობა სასრიალო ტრასების განათება ახალ გუდაურში და იქნება ბევრი სიახლე, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი დამსვენებლები“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზამთრის ტურისტული სეზონი 20 დეკემბერს ასევე გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება და მისი პროგნოზით, ეს ერთ-ერთი წარმატებული სეზონი იქნება, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტებზე სიახლეების კუთხით.
„ჩვენი ქვეყნის ოთხსეზონიანი ტურისტული ადგილის პოზიციონირების თვალსაზრისით, ზამთრის სეზონს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ტრადიციულად სახელმწიფო ზრუნავს როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე დამატებითი სერვისების მიწოდებაზე ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
