აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს დაურეკა და უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა სთხოვა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მათი საუბრის შემდეგ, ხუთშაბათს, სისტემამ ჩვეულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა. უკრაინის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Starlink-ის სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ არ აღდგენილა, თუმცა კავშირის სიჩქარე დაწესებული შეზღუდვის მოქმედების პერიოდთან შედარებით გაიზარდა.
ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპმა მასკს განუცხადა, რომ უკმაყოფილო იყო სისტემის სიჩქარის შეზღუდვით. ის დაახლოებით საათში 100 მილზე, ანუ 160 კილომეტრზე იყო გათვლილი. ამ შეზღუდვის გამო უკრაინის ზოგიერთი დამრტყმელი დრონი და რუსული შეტევების მოსაგერიებლად განკუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ეფექტიანად ვეღარ მოქმედებდა.
ტრამპისა და მასკის საუბარს წინ უძღოდა The Wall Street Journal-ის სტატია, რომელშიც გამოცემა წერდა, რომ მასკმა Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება გასცა. ამასთან, SpaceX-სა და თეთრ სახლს განსხვავებული ვერსიები აქვთ იმის შესახებ, მასკი დამოუკიდებლად მოქმედებდა თუ ადმინისტრაციის მითითებით.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ტრამპი მიმდინარე კვირას თანაშემწეებსა და მოკავშირეებს ეუბნებოდა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმება სურდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემას ფრონტის ხაზზე თავდაცვისთვის იყენებენ.
