ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები სახელმწიფო პენსიების გაზრდას მოითხოვენ.
პენსიონერთა მოძრაობის ორგანიზებითა და პროფკავშირების, მათ შორის, შრომის გენერალური კონფედერაციის (CGT) მხარდაჭერით, მადრიდის ცენტრში მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პენსიები როგორც ამჟამინდელი პენსიონერებისთვის, ისე მომავალ თაობებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს უზრუნველყოფდეს. მათი ძირითადი მოთხოვნებია პენსიების გაზრდა ინფლაციის რეალური მაჩვენებლის შესაბამისად, მინიმალური პენსიის მინიმალურ ხელფასთან გათანაბრება და ქალებისა და მამაკაცების პენსიებს შორის სხვაობის შემცირება.
შრომის გენერალური კონფედერაცია ასევე მოითხოვს ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის პირობების გამარტივებას იმ დასაქმებულებისთვის, რომლებსაც საპენსიო შენატანები სულ მცირე 35 წლის განმავლობაში აქვთ გადახდილი.
