„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კავკასიის მედიცინის ცენტრის ორგანიზებით, ოჯახის ექიმებისთვის კიბოს სკრინინგის პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო დაფინანსებით ხელმისაწვდომი სკრინინგული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და პაციენტების დროულად მიმართვის პროცესში პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერება.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ღონისძიების მონაწილეებს წარუდგინა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბოს სკრინინგის პროგრამები, მათში ჩართვის პირობები და პაციენტების მიმართვის შესაძლებლობები. პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძუძუს კიბოს ადრეულ გამოვლენას, სკრინინგში მონაწილეობის მნიშვნელობასა და ოჯახის ექიმების თანამშრომლობას სკრინინგის სერვისებთან.
„ჩვენი მიზანია, სკრინინგის შესახებ ინფორმაცია ადამიანამდე დროულად მივიდეს და კონკრეტულ მოქმედებად იქცეს. ამ პროცესში ოჯახის ექიმი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია – ის იცნობს პაციენტს, სარგებლობს მისი ნდობით და შეუძლია, აუხსნას, რატომ არის მნიშვნელოვანი სკრინინგში მონაწილეობა მაშინაც, როდესაც ადამიანს ჩივილები არ აქვს. გვინდა, ოჯახის ექიმებს ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ხელმისაწვდომ პროგრამებზე, რათა თითოეული რეკომენდაცია პაციენტისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის რეალურ შესაძლებლობად იქცეს“, – განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა.
შეხვედრაზე სკრინინგ პროგრამების მნიშვნელობას ხაზი კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემაც გაუსვა.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიაში ჩართულობა ჩვენთვის არა მხოლოდ ტრადიცია, არამედ სტრატეგიული პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ დაბალია დაავადების საწყის სტადიებზე დიაგნოსტირების მაჩვენებელი. ქალებს ხშირად არ ჰყოფნით გამბედაობა, ძუძუს კიბოს სკრინინგი სისტემატურად ჩაიტარონ. გვჯერა, რომ პრევენციული მედიცინის განვითარებით და საზოგადოების ინფორმირებით ერთად შევძლებთ, რომ სკრინინგის ჩვევა თითოეული ქალისთვის ცხოვრების რუტინის შემადგენელი ნაწილი გახდეს“, – აღნიშნა სოფიო ასპანიძემ.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ჩარკვიანმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგმა ივანე კილაძემ და ონკოქირურგმა, მამოლოგმა გიორგი კეჭაყმაძემ განიხილეს ძუძუს კიბოს სკრინინგის რადიოლოგიური ასპექტები და კიბოს კლინიკური მახასიათებლები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძუძუს კიბოს შესახებ გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებსა და პაციენტთან კომუნიკაციის საკითხებს, როგორ მიაწოდოს ოჯახის ექიმმა ინფორმაცია გასაგები ენით, შეამციროს გამოკვლევებთან დაკავშირებული შიში და წაახალისოს პაციენტი სკრინინგში დროულად ჩასართავად.
აღსანიშნავია, რომ ოჯახის ექიმის რეკომენდაციას ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ხშირად პირველი სპეციალისტია, რომელსაც ადამიანი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვებით მიმართავს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო პერსონალი, ასევე, სხვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. დარგის ექსპერტებმა ისაუბრეს ძუძუს კიბოს სკრინინგისა და დიაგნოსტიკის საკითხებზე, აგრეთვე კავკასიის მედიცინის ცენტრში ონკოლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინური მკურნალობის შესაძლებლობებზე. მონაწილეებმა დასვეს კითხვები, განიხილეს პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრა ემსახურებოდა ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა მეტმა ადამიანმა მიიღოს ინფორმაცია უფასო სკრინინგული პროგრამების შესახებ და დროულად ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში გამართული ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო, რომ ცნობიერების ამაღლებას პრაქტიკული ნაბიჯი – სკრინინგში მონაწილეობა უნდა მოჰყვეს.
