ისრაელის მიერ ღაზის სექტორში განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გავრცელებული ინფორმაცით, რაკეტა ალ-რიმალის უბანში, კაიროს სკოლის მახლობლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს მოხვდა. დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბიჭი.
ამასთან, ქალაქ ხან იუნისში დრონით განხორციელებული დარტყმის სამიზნე პოლიციელები გახდნენ. მათგან ხუთი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს ორი დარტყმის განხორციელება. მათი განცხადებით, სამიზნეები სამხედრო-ოპერატიულ საქმიანობაში ჩართული პირები იყვნენ, თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ცნობისთვის, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში ამოქმედდა, თუმცა ისრაელის საჰაერო დარტყმები თითქმის ყოველდღიურად გრძელდება. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ღაზის სექტორში 1580 ადამიანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში 74 594 ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად, როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შუამავლობით შემუშავებული ღაზის სამშვიდობო გეგმის განხორციელება შეფერხებულია.
