აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში მდებარე ირანის კუნძულ ქეშმზე დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, დარტყმები შეზღუდული ხასიათის იყო და პასუხს წარმოადგენდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ამერიკულ თვითმფრინავზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, კუნძულზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. BBC-მ კომენტარისთვის აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას (CENTCOM) მიმართა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობას ახორციელებს.
დარტყმები აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე განხორციელდა. არჩევნების შედეგად გაირკვევა, „რესპუბლიკელები“ თუ „დემოკრატები“ გააკონტროლებენ კონგრესს.
ამავდროულად, როგორც BBC წერს, გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი გაუარესებულია. მასზე აგრეთვე საკუთარი პარტიის წევრებიც ახდენენ ზეწოლა, რათა მან ომი დაასრულოს. ომი თებერვალში დაიწყო, როდესაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი იერიში მიიტანეს.
არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანზე დარტყმების ინტენსივობის გაზრდას არ ჩქარობს.
„ასეა თუ ისე, რაღაცას გავაკეთებთ, მაგრამ არ გვეჩქარება. ჩვენ მათ ფინანსური თვალსაზრისით გავანადგურეთ“, – განუცხადა მან გამოცემა AXIOS-ს. „მათ ფული არ აქვთ, ბენზინი არ აქვთ და მათი მოსახლეობა უკვე ძალიან დაიღალა ამ ყველაფრით“.
ამასთან, ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს შესაძლოა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ობიექტ „პიქაქსზეც“ მოუწიოს დარტყმის განხორციელება. მისი თქმით, ეს „დიდ სირთულეს არ წარმოადგენს“ და ოპერაციის ჩატარება „ერთ საათში“ იქნება შესაძლებელი.
ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ აშშ-მა შესაძლოა შუალედური არჩევნების შემდეგ ირანზე მასშტაბური დარტყმები განაახლოს. ორშაბათს, როდესაც ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, შეესაბამებოდა თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, პრეზიდენტმა უპასუხა: „არა“.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით აშშ-სთან შუამავლების მეშვეობით „ძალიან ინტენსიური“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, თეირანი, როგორც არასდროს, მზად არის როგორც დიპლომატიური, ისე სამხედრო სცენარისთვის. არაღჩის განცხადებით, ახლა ვაშინგტონმა უნდა აირჩიოს მოლაპარაკებების „გონივრული გზა“ ან „სამხედრო აგრესიის შეცდომა“.
