კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 48 წლის ჯენიფერ ბალკარასისა და მისი 20 წლის ქალიშვილის, სელა რიდის, სიკვდილის მიზეზი გრიზლი დათვის თავდასხმა გახდა.
ოჯახის განცხადებით, ქალები 1 ნოემბერს გაუჩინარდნენ. ისინი ბელა კულას ტერიტორიაზე სასეირნოდ წავიდნენ, თუმცა შინ აღარ დაბრუნებულან. მათი ძებნის ოპერაციაში ბუნების დაცვის ოფიცრები და კანადის პოლიცია მონაწილეობდნენ. ჯენიფერ ბალკარასის ცხედარი ორშაბათს იპოვეს, მისი ქალიშვილის კი – სამშაბათს.
ბრიტანეთის კოლუმბიის კონსერვაციის ოფიცერთა სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ქალების გარდაცვალებაში შესაძლოა გარეული ცხოველი მონაწილეობდეს. ამ დროისთვის უცნობია, თავდასხმაში ერთი დათვი მონაწილეობდა თუ რამდენიმე. შესაბამისი სამსახურები არ გამორიცხავენ, რომ დედა-შვილს რამდენიმე დათვი დაესხა თავს.
დაღუპულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დედა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და თითქმის ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. ჯენიფერის ძმის, ჯოშ ბალკარასის თქმით, ისინი ძალიან ახლოს იყვნენ და საერთო ინტერესები აკავშირებდათ.
“როდესაც ჯენი ლაშქრობაში მიდიოდა, სელა ყოველთვის მის გვერდით იყო“, – განაცხადა მან.
ოჯახის ინფორმაციით, ჯენიფერი ცოტა ხნის წინ ბელა კულაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ახალი კარიერის დაწყებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის შექმნას გეგმავდა. ამჟამად ახლობლები დაკრძალვის ხარჯების დასაფარად თანხას აგროვებენ.
2025 წლის ოქტომბერში მაკგრეგორის მთის ტერიტორიაზე გრიზლი ორ მოლაშქრეს დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებებით მოგვიანებით გარდაიცვალა. იმავე წლის ნოემბერში კი ბელა კულას რაიონში დათვი სკოლის მოსწავლეების ჯგუფს დაესხა თავს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.
