„ქართული ოცნების” დელეგაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბეიჯინგსა და ხანგჭოუში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა.
შეხვედრები შედგა ჭ’ძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ჭაო კუანგძუნთან, ეროვნული კონგრესის მუდმივი კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე ფენგ ცინგჰუასთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრ მა ჰუისთან, ჩინეთის ახალგაზრდობის ფედერაციის თავმჯდომარე სუ სიაოსთან, ქალთა უნივერსიტეტის კომუნისტური პარტიის კომიტეტის მდივან, ჩინეთის ქალთა ფედერაციის საჯარო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ლიუ იამეისთან და პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის პარტიის კომიტეტის მდივან ლი ჰაისთან.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პირადად გაეცნენ იმ მიღწევებსა და შედეგებს, რომლებიც ჩინეთს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით აქვს. იმსჯელეს როგორც საპარლამენტო თანამშრომლობაზე, ისე სავაჭრო, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაზე. ყურადღება დაეთმო ასევე საგარეო პრიორიტეტებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჭ’ძიანგის პროვინცია საქართველოს ერთ-ერთ ქალაქს დაუმეგობრდება.
„საქართველოს პოზიცია „ერთი ჩინეთის“ კონცეფციის მიმართ არის ურყევი. გვქონდა საუბარი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და იმ თანამშრომლობაზე, რომელიც ქართულ და ჩინურ მხარეს აქვს ამ დერეფნის მაქსიმალური პოტენციალის ასათვისებლად. საქართველო აფასებს გამოხატულ მეგობრობას, გვინდა უფრო ძლიერი გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები“, – ნიკოლოზ სამხარაძე.
„ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას. ის პოლიტიკა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა და მათი ლიდერები გეგმავენ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, არის ნამდვილად სამაგალითო და შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ ამ პოლიტიკიდან“, – ნინო წილოსანი.
„სტრატეგიულმა თანამშრომლობამ თავისი დინამიკა და პოზიტივი შემოიტანა. მნიშვნელოვანია ამ ვითარებაში მმართველ პარტიებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებაც. ჩინეთი გამორჩეულია თავისი ტექნოლოგიური და ინდუსტრიული სფეროებით. ჩინეთი თავის ურთიერთობებში ძირითადად აქცენტს აკეთებს სწორედ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ საქმეებში ჩაურევლობაზე, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სუვერენიტეტის პატივისცემასა და ურთიერთსასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე. ჩვენ დავინახეთ რეალური პოტენციალი, რაც ჩინეთს აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – ირაკლი ქადაგიშვილი.
„აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს აუცილებლად ჩამოვალთ ფორუმზე, ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. იყო საუბარი, რომ ჩინელი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ, მოხდეს გაცვლითი პროგრამები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული კუთხით. ვფიქრობ, ეს ძალიან სასიამოვნოა და კარგია, რადგან დიდ გამოცდილებას მიიღებენ ჩვენი ახალგაზრდები მომავალში და ეს მხოლოდ წაადგება ორი ქვეყნის ურთიერთობას“, – ვარლამ ლიპარტელიანი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციას პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძე ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე იმყოფებოდნენ ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.











