ტურისტებმა რომის ტრევის შადრევანში გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 174 ათასი ევროთი ნაკლები ჩააგდეს. ამის შესახებ რადიო Roma Capitale კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაცია Caritas-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში შადრევნის აუზიდან 1,24 მილიონი ევრო ამოიღეს, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1,42 მილიონ ევროს შეადგენდა. მონეტების წონაც დაახლოებით 10–15%-ით შემცირდა და 22 740,55 კგ შეადგინა.
შემოსავლების კლება ძეგლთან წვდომის ახალ წესებს დაუკავშირეს. თებერვლიდან ტურისტებს წყალთან ჩასასვლელად 2 ევროს გადახდა უწევთ. ხელისუფლებამ ფასიანი შესვლა ხალხის ნაკადის დასარეგულირებლად და არქიტექტურული ნაგებობის შესანარჩუნებლად შემოიღო. მიღებული სახსრები შადრევნის მოვლა-პატრონობასა და რომაელებისთვის საქალაქო მუზეუმების უფასო ბილეთებს ხმარდება. ჯებირების გამო ბევრი მოგზაური ტრევის შორიდან დათვალიერებას ამჯობინებს და წყალში მონეტებს აღარ ყრის.
შადრევნიდან ამოღებული თანხა სოციალურ პროგრამებსა და გაჭირვებულთა დახმარებას ხმარდება. ფულის ამოღების პროცესი პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით მიმდინარეობს. 2022 წლიდან 2025 წლამდე ფონდმა ადამიანების დასახმარებლად ტურისტების მიერ შადრევანში დატოვებული დაახლოებით 7 მილიონი ევრო მიმართა.
ტრევის შადრევანი 1732-1762 წლებში არქიტექტორ ნიკოლო სალვის პროექტით აშენდა. კომპოზიცია წყლის სტიქიას განადიდებს – ცენტრალური ფიგურა, ოკეანე, წყლის ნაკადებს იმორჩილებს. აუზი წყლით იმ აკვედუკის მეშვეობით ივსება, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-19 წელს აიგო.
