მეხანძრე-მაშველმა, ბექა დაუდაშვილმა 3 წლის თაიას ნანგრევებიდან ამოყვანისა და გადარჩენის ამბავი „იმედის დღეში“ გაიხსენა. მისი თქმით, ეს ემოცია დაუვიწყარია.
„ეს არის, როგორც საკუთარი შვილი ჩაიხუტო იმ მომენტში ამ რთული სიტუაციიდან. ძალიან ძნელია ამ ემოციის სიტყვებით გამოხატვა. სირთულე იყო ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. წარმოუდგენლად რთული გამოსაყვანი იყო, რადგან ბავშვი ისე იყო მოყოლილი, რომ გამოყვანა გაჭირდა“, – განაცხადა მეხანძრე-მაშველმა.
მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველებს გააჩნიათ ყველანაირი რესურსი და მსგავს სიტუაციებში სამოქმედოდ შესაბამისი სწავლება გაიარეს.
„გუშინ როდესაც შევედით ბავშვთან, ბავშვი არ იყო კონტაქტური. სახე ჰქონდა დაფარული, პარკი ჰქონდა და ცხვირიდან სუნთქავდა. სიტყვებსაც ვერ გადმოგვცემდა. ერთი პერიოდი იყო, რომ ფეხს ამოძრავებდა და ფეხიც არ გაგვიმოძრავდა, როდესაც შიგნით შევაღწიეთ“, – განაცხადა ბექა დაუდაშვილმა.
მისივე თქმით, ნანგრევებიდან გათავისუფლების შემდეგ, 3 წლის თაია დიდი ადამიანივით იქცეოდა.
„როდესაც მივედით, ცოტა წამოიტირა, რადგან სახე დაფარული ჰქონდა და ხმამაღლა ვერ ტიროდა, ვერ ახერხებდა ტირილს. შემდეგ, როცა გავუთავისუფლეთ, ცოტა ხანს წამოიტირა, მერე დავამშვიდეთ, როგორც დიდი ადამიანი ისე იქცეოდა. მერე კონტაქტშიც შემოვიდა“, – აღნიშნა მეხანძრე-მაშველმა.
