ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახს ჩემი და კომპანიის სახელით, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, კომპანიის სპეციალისტებს საშუალება არ აქვთ, რომ შემთხვევის ადგილზე შევიდნენ, რადგან იქ შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
„ბოლო მონაცემებით, ჯერჯერობით ჩვენს სპეციალისტებს არ ეძლევათ საშუალება, რომ შევიდნენ და შეისწავლონ ვითარება, რადგან იქ მუშაობენ შსს-ს ექსპერტები. სავარაუდო მიზეზად მოცემულია ბუნებრივი აირის დაგროვება და აფეთქება. ეს ადამიანი 2025 წლის დეკემბრიდან აფეთქებამდე არ მოიხმარდა ბუნებრივ აირს. როგორც მეზობლები ამბობენ, გუშინწინ ჩამოვიდა და თავად ამბობდა, რომ ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას და ვერ ჩართო. რთულია პასუხის გაცემა, დარჩა, ვერ გადაკეტა თუ არ გადაკეტა. კამფორა შეიძლება გადასწიოს მობინადრემ და უბრალოდ დაავიწყდეს – ადამიანური ფაქტორია. ბუნებრივი აირი მხოლოდ დახურულ სივრცეში ფეთქდება. რაც უფრო დაბალი კონცენტრაციაა ბუნებრივი აირის – 5-დან 15%-მდე, მით უფრო დიდი სიძლიერის აფეთქება ხდება. როცა ბუნებრივი აირის კონცენტრაცია 15%-ს სცდება ჟანგბადთან მიმართებით, ეს იწვევს ადგილ-ადგილ აალებას და არა აფეთქებას.
შეიძლება თქვენ ბინაში მიდიოდეთ, მაგრამ კიბის უჯრედში იგრძნოთ გაზის სუნი. არ უნდა წახვიდეთ თქვენი ბინისკენ, არამედ მაშინვე უნდა დარეკოთ 114-ზე. გაზის სუნი ვიგრძენი, მაგრამ ახლა ვეღარ ვიგრძენი – ეს არ არის იმის მიზეზი, რომ არ დარეკოთ 114-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ არის უკვე სოციალური პასუხისმგებლობა. გამორიცხულია, რომ 600 000 აბონენტს ინდივიდუალური ყურადღება მიაქციოს კომპანიამ, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ კი ვიღებთ ვალდებულებას, რომ როგორც კი ზარი შემოვა, დაუყოვნებლივ მოვიდეთ ადგილზე და მივიღოთ შესაბამისი ზომები“, – აღნიშნა მან.
