ახალციხეში მცხოვრები სეირან გრიგორიანის ავტოფარეხს, რომელმაც სამი წლის წინ ლატარიაში ერთი მილიონი მოიგო, ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც, მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ორი ავტომანქანა დაიწვა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. გამსახურდიას ქუჩაზე ხანძარი დაახლოებით 04:00 საათზე გაჩნდა. სეირან გრიგორიანის ავტოფარეხში, რომელიც გზის პირას მდებარეობს, ამ დროისთვის ორი ავტომანქანა იდგა.
ფარეხის მეპატრონეს ხანძრის შესახებ მეზობელმა გააგებინა: „რომ გამოვედი, ცეცხლი კარზე იყო მოდებული, ცენტრალური ქუჩის მხარეს და უკვე მანქანებზე გადადიოდა. სახანძროს გამოვუძახე, მაგრამ, ვიდრე მოვიდა, ორივე მანქანა მთლიანად ჩაიწვა, ვერცერთის გამოყვანა ვერ მოვახერხე“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ხანძრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 04:30 საათზე შევიდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა გავიდა და ცეცხლი ნახევარ საათში ჩააქრეს.
მეპატრონე ამბობს, რომ დაზღვეული არცერთი მანქანა არ იყო. მათი ღირებულება 15 000 და 20 000 დოლარია. რას შეეძლო გაეჩინა ცეცხლი, სეირან გრიგორიანს, პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ ელექტროგაყვანილობის მიზეზს გამორიცხავს, ეჭვი ვინმეზეარ აქვს, მაგრამ, მაინც ფიქრობს, რომ ცეცხლი შემთხვევით არ გაჩნდებოდა: „ხელს ვერავის დავადებ, მტერი არ მყოლია, მაგრამ აქ ხანძარს ვერაფერი გააჩენდა. თან რომ გამოვედი, გასასვლელ კარში იყო ცეცხლი“.
