აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს აფგან მუხთარლის სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა 2 თვით გაუხანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ მუხთარლის ადვოკატზე ნემათ კერიმლიზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აფგან მუხთარლის ბრალი აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდაში, ასევე მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება , აზერბაიჯანული სამართალდამცავი ორგანოების მტკიცებით მისი დაკავება 29 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ მოხდა, როდესაც ის საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ცდილობდა, დაკავების დროს კი მას დიდი რაოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა.
რადიკალურად განსხვავებული ვერსია აქვს მუხთარლის ოჯახის წევრებს და თანამოაზრეებს, მათი თქმით მუხთარლის მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების გამო ის აზერნაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდიდა და აზერბაიჯანულმა მხარემ ის ქართული მხარის დახმარებით დააკავა და აზერბაიჯანში გაიტაცა.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს.
