„ყველანი – მეც და სხვებიც – იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ სამპირიან სიაში ისეთი კანდიდატები ვერ გვეყოლება, რომლებიც ყველას მოგვწონს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის სხდომის დაწყების წინ განუცხადა.
მინისტრმა არასამთავრობო სექტორს მოუწოდა, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩაერთონ.
„ყველანი – მეც და სხვებიც – იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ სამპირიან სიაში ისეთი კანდიდატები ვერ გვეყოლება, რომლებიც ყველას მოგვწონს. ყველა კანდიდატის მიმართ გარკვეული საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქმული ყოველთვის იქნება. ჩემი მხრიდან და კომისიის სხვა წევრების მხრიდან, მნიშვნელოვანია ის, რომ არასამთავრობო სექტორიდან კოალიციას აქვს, ჰქონდა და ექნება შესაძლებლობა, იყოს პროცესებში ჩართული. თუ ისინი ამ უფლებას არ გამოიყენებენ, ეს მათი გადასაწყვეტია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროსაბჭოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, ალბათ, სამი-ოთხი ქვეყანა თუ მოიძებნება საქართველოს დარად, სადაც არასამთავრობო სექტორს ასეთი უფლებები და შესაძლებლობები აქვს მიცემული. ჯერ დღის დასაწყისია და მათ მოვუწოდებ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა ბოლომდე მიიღონ, როგორც ამას ომბუდსმენი აკეთებს. თუკი რაიმე საკრიტიკო იქნება, მონაწილეობის პროცესში გამოთქვან და არა ბოიკოტის რეჟიმში, რომელიც, ალბათ, მაინცდამაინც სერიოზულად არ გამოიყურება. რაც შეეხება ადვოკატებს, მიხარია, რომ ისინი დღეს წარმოდგენილნი არიან, ამ პროცესში მონაწილეობენ. ჩვენთან საადვოკატო ფირმების გაერთიანებაა, რომელსაც წარმოადგენს პატივსაცემი ადვოკატი ზვიად კორძაძე“, – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანი არასამთავრობოებს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას ურჩევს
26.08.2017 10:55:30
კომენტარები
ნანახია: 1544 ჯერ
