რუსული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, მამაკაცმა საპასპორტო კონტროლის გავლისას ჯერ რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტი წარადგინა, ხოლო როდესაც მესაზღვრეებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს საბუთი აღნიშნულ პირს არ ეკუთვნოდა, მან აზერბაიჯანის მოქალაქის პასპორტი წარადგინა.
რუსული მედიის ცნობით, სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც არაერთხელ არის ნასამართლევი როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.
ამჟამად სამართალდამცავები არკვევენ, თუ რატომ ცდილობდა მამაკაცი რუსეთის დატოვებას და რა გზით მოიპოვა მან ყალბი დოკუმენტები.