თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ძაგნიძეს და კერძო არქიტექტორს ვალერი მიმინოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ორივე პირი პატიმრობაში რჩება.
საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე ორივე პირის პატიმრობას ითხოვდა და განმარტავდა, რომ ძაგნიძესა და მიმინოშვილს ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაული და მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის გამო გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი მიმალვა.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით არ ეთანხმებოდა. ადვოკატები მიმალვის საფრთხეს გამორიცხავდნენ და ნაკლებად მკაცრი ღონისძიების შეფარდებას – გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
დაკავებულების ოჯახის წევრებმა პატიმრობის შეფადების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.
ძაგნიძეს და მიმინოშვილს თაღლითობაში ედებათ ბრალი.
პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ძაგნიძემ კერძო არქიტექტორ ვალერი მიმინოშვილთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, მოქალაქე ია იაშვილს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას, რისთვისაც იაშვილს ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი, რაც იაშვილის მიერ სხვადასხვა დროს ეტაპობრივად იქნა გადაცემული ძაგნიძისა და მიმინოშვილისთვის.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის. ორივე მათგანი 30 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილესა და არქიტექტორს პატიმრობა შეეფარდათ
01.09.2017 17:00:14
კომენტარები
ნანახია: 1187 ჯერ
