დღეს კონიუნქტურა სამართლიანობის წინააღმდეგ მუშაობს – საზოგადოებაში არსებული კონიუნქტურა ითხოვს, სადღაც ოპოზიციამ გაიმარჯვოს, – ასე ეხმაურება თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებულ არჩევნების შემაჯამებელ ოქმს, რომლის მიხედვით, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.
“ყველაფერზე ციფრები მეტყველებს. ეს ციფრები არის უტყუარი, რომელიც ასახულია ოქმებში. დღეს კონიუნქტურა მუშაობს სამართლიანობის წინააღმდეგ. საზოგადოებაში არსებული კონიუნქტურა ითხოვს, რომ სადღაც ოპოზიციამ გაიმარჯვოს. არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა სუფთა არითმეტიკა იყო – აქ არც პოლიტიკა და არც იურისპუდენცია არაფერ შუაშია”, – განუცხადა ინტერპრესნიუსს” ზაქარია ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მეორე ტური გარდაუვალი იყო, რადგან თიანეთში 50%-იანი ბარიერის გადალახვას 3 080 ხმა სჭირდებოდა, რაც მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.
”ოქმების მიხედვით, თიანეთში არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა 6 379-ს შეადგენს. ამას, ასევე ოქმების მონაცემების მიხედვით, ჯამში 220 ბათილი ბიულეტენი აკლდება და 50% – 3 080 ხმა გამოდის. არც ერთ კანდიდატს ამ რაოდენობის ხმა მიღებული არ აქვს – თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს 3 077 ხმა, ხოლო ლელა ქიტესაშვილს – 3 076 ხმა”, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.