თბილისის საქალაქო სასამართლო პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლო მის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას.
შესაბამისი განცხადება, ლელა ქიტესაშვილმა ადვოკატ ვლადიმერ სანიკიძესთან ერთად პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“მე ველოდები სამართლიან გადაწყვეტილებას სასამართლოდან, სიმართლე გითხრათ, ცესკოშივე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა, მიმაჩნია, რომ 6 დაკარგული ბიულეტენი, ის ექვსი ხმა გადამწყვეტი იყო და შეგნებულად არის დაწეული ბარიერი, რომ მეჭიაური ბარიერგადალახულად გამოიყვანონ. ამასთან, თავად მეჭიაურმა დააფიქსირა სასამართლო პროცესზე, რომ მას კავშირი ჰქონდა თამარ ჟვანიასთან, მას რამდენჯერმე დაურეკა, არ ვიცი რა კონსულტაცია მიიღო მისგან, თუმცა ფაქტია ცესკოდან ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი რაც სამართლიანად მიმაჩნია, ამიტომ დიდი იმედით ველოდები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს, 13.00 საათზე გამოაცხადებს.
ლელა ქიტესაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. თუმცა, მისი მოთხოვნა ცესკომ არ დააკმაყოფილა.
ლელა ქიტესაშვილი – მე ველოდები სამართლიან გადაწყვეტილებას სასამართლოდან
2017/11/06 12:35:00
კომენტარები
ნანახია: 1241 ჯერ