თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის შეფასებით, სასამართლომ მისი კონკურენტის „ალოგიკურ სარჩელზე ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო“.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მეჭიაურმა განუცხადა, ლელა ქიტესაშვილს, სავარაუდოდ, დეპუტატი „ზაქარია ქუცნაშვილი აქეზებს, რათა საარჩევნო დავები აწარმოოს“.
“სასამართლოს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო და თვითონ სარჩელი იყო ალოგიკური. აქედან გამომდინარე, სურვილიც რომ ჰქონოდა ვინმეს, სხვა გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდებოდა. ალბათ, სააპელაციო სასამართლომაც უნდა დაგვიდასტუროს შედეგი. ამით დროს წელავენ და ეტყობა ქუცნაშვილი აქეზებს, იმიტომ რომ ამ ქალბატონმა კინაღამ მომილოცა პირველი სარჩელის წაგების შემდეგ. მერე საიდან გაახსენდა სხვადასხვა სარჩელები, არ ვიცი. პრინციპში მან პიარი გაიკეთა. თავიდან დებატები რომ გვქონდა, მისი გვარი წამყვანებმა ვერ დაიმახსოვრეს და ხან ქისტაურს ეძახდნენ და ხან რას. ახლა კი მთელმა საქართველომ გაიცნო და თუნდაც ამიტომ ღირდა ეს პროცესი”, – განაცხადა მეჭიაურმა.
რაც შეეხება თიანეთის მერის თანამდებობაზე მუშაობას, მეჭიაური ვარაუდობს, რომ უფლებამოსილების გამხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.
სასამართლომ ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და თიანეთში მერის არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა.
“ინტერპრესნიუსი”