“კიევში მიმდინარე პროცესები დონბასს უკავშირდება, – აცხადებენ ანალიტიკოსები. მათი თქმით, თუ სიტუაცია გამწვავდა, უკრაინაში მდგომარეობა რამდენიმე რეგიონის მიმართულებით დაიძაბება, რამაც შესაძლოა, ისედაც დაშლილი უკრაინა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოაჩინოს. უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი მოახერხებს მაიდნის მსგავსი კრიზისის შექმნას, კიევში მიმდინარე პროცესები აუცილებლად დასრულდება უკრაინის ტერიტორიის დე იურე დაშლით. ეს, თავის მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს განუსაზღვრელად დააყოვნებს. ბოძაშვილის შეფასებით, პრობლემის თავი არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების ტოტალური უუნარობაა, არამედ ის, რომ არც აშშ-ს, არც ევროკავშირსა და არც რუსეთს არსებული სტატუს-კვო უკრაინაში არ აწყობს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კიევში არეულობებმა უკრაინა შესაძლოა, დაშლის ზღვარზე მიიყვანოს / “რუსეთი დასავლეთ უკრაინაში ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით შეეცდება სიტუაციის არევას”.
“შემთხვევითი არაა, რომ სამივე აქტორი მეტ-ნაკლები თანაბრობით იცავს სააკაშვილს. საქმე ისაა, რომ ამერიკის ფარდობითად შესუსტებული ლიდერობის გამო რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს მომენტით და შეეცდება, სრულად აღადგინოს უკრაინაზე გავლენა, რაც მიუღებელია დასავლეთისთვის, თუმცა, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის შესუსტების ფონზე, სადაც ევროპა ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმართვას აღმოსავლეთით, ასეთი განვითარების ალბათობა ძალიან იზრდება”, – აცხადებს ბოძაშვილი. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ კიევის პროცესების პარალელურად რუსეთმა უკვე დაიწყო დონბასში გააქტიურება – “ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუ რა ხდება დღეს ამ რეგიონში. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, კიევში სიტუაციის აღრევა სწორედ დონბასს უკავშირდება. შეგახსნებთ, რომ სანამ სიტუაცია დაიძაბებოდა, 10 დღით ადრე, კრემლმა ფედერალური უშიშროების სამსახურის მიერ ე.წ. ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამხედრო გადატრიალება ჩაატარა. ამ რეგიონში მოხდა სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრება, ხოლო მათი მთავარი ლიდერი გაიქცა რუსეთში”, – განმარტავს მაისაია, რომლის თქმით, “ხელისუფლება გადავიდა ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ხელში”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ეს გადატრიალება მოახინა ე.წ. ვაგნერის ჯგუფმა, რომელიც რუსეთის კერძო კორპორატიულ არმიას წარმოადგენს, ის იმართება რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ. სწორედ ეს ჯგუფი მონაწილეობს ისეთ ოპერაციებში, როგორებიცაა სირიაში, ავღანეთში, მათი მხრიდან განახლდა საომარი მოქმედებები და შესაბამისად, დღეს უკვე მინსკის შეთანხმება ოფიციალურად დარღვეულია… თუკი კიევში დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, მას არ შეუძლია, გამოიყენოს უკრაინის არმია. როგორც ჩანს, აქ ძალიან სერიოზული ძალებია საქმეში ჩართული და სააკაშვილის გვერდით დგანან ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა ულტრანაციონალური არაკანონიერი ფორმირებები, ე.წ. ადგილობრივი მხედრიონელები, რომელთა მიმართაც უკრაინულ საზოგადოებას ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვს. პარალელურად, კიევსა და სხვა ადგილებში რუსული აგენტურა გააქტიურდა. მხედველობაში მაქვს ტერაქტები და ჰიბრიდული ოპერაციები“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა ვახტანგ მაისაია.
“ის, რომ უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოავლინეს მიხეილ სააკაშვილის კავშირები იანუკოვიჩის მომხრე ძალებთან, იგივე სერგეი კურჩენკოსთან, შემთხვევითი არ ყოფილა. კურჩენკო არის ვიქტორ იანუკოვიჩის პირადი მოლარე, ამასთან, მისი შვილი არის იანუკოვიჩის მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორი. ის აფინანსებდა ანტიმაიდნურ ძალებს და სწორედ მან გახსნა ცეცხლი მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით. მას შემდეგ კი, რაც მაიდნის პროცესები წარმატებით დასრულდა, მოსკოვში გაიქცა. მას პირდაპირი კავშირები გააჩნია გაზპრომთან და სხვათა შორის, სწორედ ის აფინანსებს დონბასში რუს სეპარატისტებსაც – აი, ასეთ პიროვნებასთან დაამყარა სააკაშვილმა ურთიერთობა, რათა სიტუაციის აღრევა მოეხდინა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“არა მგონია, რომ უკრაინა იმაზე მეტად დაიშალოს, ვიდრე დღეს. იმიტომ, რომ ყირიმის ანექსია და რუსეთის ფედერაციასთან უკანონო მიერთება, ეს უკვე სერიოზული დარტყმაა. ამასთან, დონბასში არსებული ვითრება ყველას კარგად მოეხსენება. არის კიდევ გარკვეული ტენდენციები, რომ რუსეთმა შესაძლოა, დასავლეთ უკრაინაში ეთნიკური უმცირესობების გამოყენებით ხელი შეუწყოს სიტუაციის არევას… აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სააკაშვილი პოლონეთში შევიდა უნგრეთიდან, სადაც ის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. სააკაშვილის უნგრეთში ყოფნას ძალიან საინტერესოდ დაემთხვა პუტინის იქ ვიზიტი, რომლის შემდეგაც დაიწყო სააკაშვილის გააქტიურება და უნგრეთმაც ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა უკრაინას. ძალიან საინტერესო ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილი წაყენებულ ბრალდებას არ უარყოფს. სწორედ ამაზე მიანიშნა მისმა ყოფილმა მხარდამჭერმა მატვეი განაპოლსკიმაც. ის არის კრემლის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც კარგად იცნობს სააკაშვილს და განაცხადა, რომ ის იმართება გარე ძალებისგან”, – მიიჩნევს მაისაია.
“აქედან გამომდინარე, გასაგებია, რისთვის იყენებენ მას. ბუნებრივია, ისეთი პოლიტიკური კონფიგურაციის ფონზე (რეალურად უკრაინაში მხოლოდ 3 პოლიტიკური ძალაა), კრემლისთვის მისაღებია, თუ ხელმძღვანელობაში მოვა ტიმოშენკო და მისი პოლიტიკური ანგაჟირებული ძალები, რადგან რუსეთისთვის მათთან ურთიერთობა უფრო ადვილი იქნება. აქ საინტერესოა ისიც, რომ სააკაშვილის აქტივობა დაიწყო მას შემდეგ, რაც გადაწყდა ამერიკელების მიერ უკრაინისთვის საბრძოლო შეიარაღების მიწოდების ფაქტი. ასევე ის, რომ საერთაშორისო ეკონომიკურმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი, გადაწყვიტეს, რომ 600-მილიონდოლარიანი დახმარება მიეცათ უკრაინისთვის. ამ საფინანსო დახმარების ფორმატში პოროშენკო აპირებდა, რომ გაეტარებინა რადიკალური რეფორმები კორუფციასთან ბრძოლაში. სწორედ აი აქ იმალება ძაღლის თავი. როგორც კი მძლავრი გეოპოლიტიკური პროექტის დაწყება დაანონსდა, უკრაინაში ვითარების არევაც დაიწყო”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.