გია გაჩეჩილაძეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც, – ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს.
მისივე თქმით, ტენდერის ჩატარებისას, რომელზეც გაჩეჩილაძე საუბრობს, კანონი ზედმიწევნით იყო დაცული.
“დაწვრილებით გავეცანი მის გუშინდელ გამოსვლას. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის ნახვა, რაც ვნახე და მოვისმინე. მან აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, მათ შორის გიაც, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომ ადამიანის ღირსება დაგვეცვა და სამწუხაროდ, მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. არ შემიძლია მოვისმინო ქებაც ამ ადამიანისგან და ეს ქება ჩემთვის კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს”,- აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მან პირადად გასცა დავალება, რომ აღნიშნულ ტენდერში ყველასთვის თანაბარი საკონკურენციო პირობები ყოფილიყო.
“მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ტენდერზე ისაუბრა. როდესაც დამიკავშირდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი და ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის. გავეცანი ამ საქმეს და ჯერ ერთი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ბიზნესჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა თუ გააჩნია, არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან. სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა. კანონი იყო ზედმიწევნით დაცული”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.