პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და რომან გოცირიძეს ურჩევს, მედიის თავისუფლებაზე საუბრის დროს, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადონ.
„როცა ადამიანები დაპატიმრებისთვის მოინელეთ და გარეთ სულიერი არავინ დარჩა, ვინც შეიძლებოდა ციხეში აღმოჩენილიყო, სადაც ადგილიც აღარ იყო, მერე ანტენების დაპატიმრებაზე გადახვედით და საბაჟოებზე ტექნიკას ანადგურებდით. ბიძინა ივანიშვილმა მიწაზე ისეთ პირობებში დაგანარცხათ, როცა არანაირი თავისუფალი სივრცე და სიტყვა არ იყო. დღეს თავს უფლებას აძლევთ და ის ადამიანები მედია თავისუფლებაზე საუბრობთ, რომლებიც შტურმითა და სპეცრაზმით ტელევიზიებს იღებდით. საოცრება იყო, მაშინ მთელი მსოფლიო იმაზე ლაპარაკობდა, რასაც სჩადიოდით, თუნდაც, მხოლოდ მედია თავისუფლების კუთხით და ვინ გაბედავდა იმას, რასაც დღეს ვისმენთ, მათ შორის იმ ტელევიზიაზე, რომელზეც თქვენ გგონიათ, რომ უკვე სტრასბურგში მოიგეთ და ყველაფერი დამთავრდა. ასე რომელი ევროპული სტანდარტით იქცეოდით?
ბრალდებებით ლაპარაკს თავი დაანებეთ და როცა ამ თემებზე საუბარს დაიწყებთ, ყველა გამოსვლის დროს, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადეთ, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს მოგიტევონ“, – მიმართა ბესელიამ რატიანსა და გოცირიძეს.