დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებს არ უკაშირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფრაქციების შექმნის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ფრაქციების შექმნას არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა.
“გარკვეული პოლიტიკური კომენტატორების მხრიდან არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა ამ საკითხს. როგორც იცით, რამდენიმე თვეა ვმუშაობთ დამატებითი ფრაქციების შექმნაზე. ოპოზიციას აქვს იმდენივე ფრაქცია დღეს, რამდენიც მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრალესობა. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში შედის, რომ გავზარდოთ და გავაუმჯობესოთ მუშაობა შიგნით, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ამას უკავშირდება.
დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ განსაკუთრებულ დანახარჯებს არ უკავშირდება. როგორც იცით, დაფინანსება ფრაქციების შემთხვევაში არის მიბმული პარლამენტარებთან, შესაბამისად, როდესაც პარლამენტარები ქმნიან ფრაქციას, ეს დაფინანსება მიჰყვება მათ. ანუ, რეალურად მოხდება დაფინანსების ალოკაცია უკვე დამატებითი ორი ფრაქციისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.