ექსპერტი, მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სუს-ის მიერ დასახელებული ვერსია სარწმუნოა და იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ვარაუდობდა, რომ ჩატაევის და მისი ჯგუფის გეგმებში შესაძლოა, საქართველოში დიპლომატიურ კორპუსებზე თავდასხმა შედიოდა.
როგორც არეშიძე ამბობს, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ კახეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები ხალხს განუმარტავდნენ ჩატაევის გეგმებს დიპლომატებზე თავდასხმის შესახებ და ამბობდნენ, რომ ის ქრისტიანებს შეეკრა და მუსლიმანისთვის მიუღებელი გეგმები ჰქონდა; სწორედ ამიტომ, მის სიკვდილს შაჰიდის სიკვდილად არ აღიქვამენ.
„ვერსია, რომელსაც სუს-ი აქვეყნებს, ჩემთვის ნამდვილად სარწმუნოა. ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს ემთხვევა. არ მგონია, რომ მხოლოდ პანკისში იყოს პრობლემა. რაც გამოსააშკარავებელი იყო, გამოაშკარავდა. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ტიპის ოპერაციები საქართველოს სხვა კუთხეებშიც მოხდეს“,- თვლის ექსპერტი.
როგორც მამუკა არეშიძე ვარაუდობს, ჩატაევმა საქართველოში ტერორისტული ქსელის გაკეთება ვერ მოასწრო, თუმცა ბაზის შექმნა დაწყებული ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, არსებობს დაკონსერვებული ჯგუფები, რომელთა წინააღმდეგაც გარკევული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ამიტომ ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი სპეცოპერაცია კვლავაც ჩატარდეს.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩატაევი აპირებდა გარკვეული ქსელის შექმნას, ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ამ ქსელში და ასაკიც არ უნდა ჰქონოდათ, მათი მოვალეობა იყო დავალების შესრულება. ამ ქსელის შექმნას ბოლომდე ვერ მოასწრებდა, მაგრამ მონახაზი, კონტურები შეიძლება იყოს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, აჭარაში, გურიაში და ა.შ“,– აცხადებს არეშიძე.
მისივე შეფასებით, ტერორიზმის საფრთხე არსებობს საქართველოში, მაგრამ არა იმ დონის, როგორიც შეიძლება იყოს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.
„მითუმეტეს, რომ ამ ქსელის შექმნის მცდელობა ჩანასახშივე აღიკვეთა“,- აცხადებს არეშიძე.
წყარო: http://www.for.ge