პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, “შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის მოსაზრებით, გირგვლიანის საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი იმ მუხლით წარედგინა, რომელიც მისთვის “ყველაზე მეტად სასურველი შეიძლებოდა ყოფილიყო”. ამის შესახებ უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
“სტრასბურგის სასამართლო წერდა, რომ გაოგნებული ვართ, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებდა სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, პრეზიდენტი გირგვლიანის საქმეში. საქმის გამოძიების ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი დაყვანილია იქამდე, რომ სააკაშვილმა მხოლოდ შეწყალების აქტში ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, მთელი ეს სისტემა, რომელიც ამ საქმეში იკვეთებოდა დანაშაულებრივად, რჩება გვერდზე. სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, ისეთ საქმეში, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი მუხლი შეიძლება ყოფილიყო მისთვის.
ასეთ რიხზე სააკაშვილი იმიტომაა, რომ ასეთ ქაღალდებზე, რომელიც განაჩენში იწერება, ენიჭება სერიოზული პოლიტიკური უპირატესობა, რათა მთელ მსოფლიოში ილაპარაკოს, რომ აი რაზე მდევნიანო. ჩვენ გვქონდა უამრავი ფაქტი და ინფორმაცია ამ წლების განმავლობაში დაგროვილი, რომ აქ გაცილებით ღრმა პრობლემებთან გვქონდა საქმე”, – თქვა დავით უსუფაშვილმა.