საპატრიარქოს განცხადება მისაღებია და ეხმიანება იმ პოზიციას, რაც ჩვენ გვაქვს. საკითხზე განხილვები ახლაც მიმდინარეობს და გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოება გარკვეულ პოზიციაზე არ შეჯერდება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძემ განაცხადა.
„განხილვები ახლაც მიმდინარეობს და მანამდე გაგრძელდება, სანამ საზოგადოება გარკვეულ პოზიციაზე არ შეჯერდება. პრინციპები და მიდგომა, რაც განცხადებაშია, ვიზიარებ, რადგან რეალურად ეს საფუძველია იმის, რის გამოც თავის დროზე კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ.
ნარკოტიკების არარეგალური ბრუნვა და გასაღება, ასევე ექსპორტ-იმპორტი მკაცრად უნდა ისჯებოდეს და თუ ნარკომომხმარებელი წესრიგს არ დაარღვევს, მას უნდა დავეხმაროთ და ვიზრუნოთ. ნარკომოხმარების შემცირების პრევენციის ერთადერთი გზა განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესია. ეს მიდგომა თავიდანვე გვქონდა და კანონპროექტის არსი საკანონმდებლო დონეზე სწორედ ამ მიდგომის ხელშეწყობა იყო.
თუ ჩვენმა ოპონენტებმა რაიმე ხარვეზები დაინახეს, ეს სხვა თემაა. საპარლამენტო განხილვის მთელი არსი ის არის, რომ თუ რაიმე პრევენციული საფრთხე და ხარვეზებია, გავითვალისწინოთ. კანონპროექტის ინიცირება შვიდი თვის წინ მოხდა და ამოცანა იყო, რომ საკითხზე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ფართო საზოგადოებრივი განხილვა ყოფილიყო, მათ შორისაა ეკლესია, რომელსაც ისედაც დიდი როლი ეკისრებოდა ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაში.
თუ ნარკოტიკისგან გათავისუფლებული ადამიანი მინახავს, ეს სულიერებასთან ზიარებითა და რწმენასთან მიმართებით მოხდა. საპატრიარქოს განცხადება მისაღებია და ეხმიანება იმ პოზიციას, რაც ჩვენ გვაქვს. საკითხზე განხილვები ახლაც მიმდინარეობს და გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოება გარკვეულ პოზიციაზე არ შეჯერდება. ამის შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. არ ვაპირებთ, ნაჩქარევად რაიმე გადაწყვეტილება მივიღოთ. განხილვები მანამდე გაგრძელდება, სანამ ოპტიმალურ პოზიციამდე არ მივალთ.
არსებული ვარიანტიდან ბევრი პოზიცია სწორედ კონსულტაციების შედეგად შევცვალეთ. მოსალოდნელია, რომ მომავალშიც შეიცვალოს. კონსულტაციების რეჟიმი არ ამოიწურა, წინ არის მინიმუმ ერთი თვე და ცვლილებებს რამდენიც დასჭირდება, იმდენი ხანი ვიმსჯელებთ. თვითმიზანი არ არის, რომ კანონპროექტი ჩავარდეს, მთავარი ამოცანაა, საზოგადოება ჯანსაღ კანონპროექტზე შეჯერდეს, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის”, – განაცხადა ზოიძემ.