თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი შალვა ოგბაიძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, კახა კალაძის და მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქალაქში სატრანსპორტო სფეროს მოწესრიგება იყო.
როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, დაანონსებული იყო ის ნაბიჯებიც, რომლებიც ქალაქში გადატვირთული გზების და საცობების პრობლემის მოგვარების მიმართულებით გადაიდგმებოდა. მისი განმარტებით, საუბარი იყო ტრანზიტულად მოძრავი დიდგაბარიტიანი და დიდი ტონაჟის მქონე მანქანების გადაადგილებაზე რეგულაციების დაწესებაზე, სადისტრიბუციო მანქანებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამტანი მანქანებისთვის გარკვეული გრაფიკის დაწესებაზე და ა.შ.
„საუბარი იყო ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახალისებაზე და რაოდენობის გაზრდაზე, მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის რეაბილიტაციაზე და ვაგონების დამატებაზე. მთელი ამ პროგრამიდან ოპოზიცია მხოლოდ ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებულ საკითხზე აკეთებს აქცენტს. როგორც ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, სურთ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისი თქმით, თავად ტაქსის მძღოლებიც თბილისის მერიის მიერ ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებას მიესალმებიან.
შალვა ოგბაიძე საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა
2018/01/26 16:48:11
კომენტარები
ნანახია: 1107 ჯერ