მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე ექპერტ-კრიმინალისტი დაიკითხა, რომელმაც ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარა.
სამედიცინო ექსპერტემა ელენე ჭითანავამ შემთხვევის ადგილზე მამა შვილის ცხედრების გარეგნული დათვალიერება ჩაატარა, ექსპერტიზაზე გადასვენების შემდეგ კი გვამები დეტალურად გამოიკვლია.
სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების სიკვდილი 19 დეკემბრის 18:25 საათიდან 20 დეკემბრის 02:25 საათამდე პერიოდში დადგა.
ელენე ჭითანავას ჩვენებით, ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზი, თავზე არსებული დაზიანება გახდა.
“გარდა თავის არეში მძიმე ტრამვისა, ომარ ქაფიაშვილის ცხედარს სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა. ყურის ნიჟარაზე ნაფლეთოვანი ჭრილობა, რომელიც ყურს ყოფს 2 ნაწილად. რაიმე ნაწილი, რომ აკლდეს ყურს დასკვნაში დავაფიქსირებდი. არანაირი მიდამო არ აკლდა ყურს. ჰქონდა ასევე გულმკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანებები მრავლობითი წყვეტილი ხაზის ნაჭდევების სახით. დაზიანებები ჰქონდა ასევე მარჯვენა მტევნის მაჯაზე, ბეჭზე და წვივზე”, – განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.
მისივე განმარტებით, გულმკერდის უკანა ზედაპირზე დაზიანებები სამედიცინო ენაზე სიცოცხლისდროინდელი ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილის დადგომამდე მოკლე პერიოდშია მიყენებული.
„დაზიანება, მისი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე ნიშნავს, რომ ის სიცოცხლისდროინდელია, ანუ სიკვდილის უმოკლეს პერიოდში. სიკვდილამდე უმოკლესი პერიოდი იზომება ტვინის ღეროს გათიშვიდან რამდენიმე წუთიდან მაქსიმუმ 3 საათამდე. როცა ხდება ყველა ორგანოს და ქსოვილის გარდაცვალება, მაშინ არის სიკვდილი. ყველა ქსოვილი ერთდროულად არ კვდება და შეიძლება დაზიანებებმა სიცოცხლისდროინდელი სახე შეინარჩუნოს. პირველად თავის ტვინი ითიშება და შემდგომ ეტაპობრივად სხვა ქსოვილები და ორგანოები. ზურგზე ქსოვილებმა სიცოცხლისდროინდელი სახე შეინარჩუნა და ამიტომ ჰქონდა დაზიანებებს სიცოცხლისდროინდელი სახე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა სიცოცხლეში მღვიძარემ მიიღო დაზიანებები”, – განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა. მისივე თქმით, ხელის მტევანზე და წვივზე დაზიანებებს კი სიკვდილისდროინდელი კვალი აქვს.
რაც შეეხება გვამურ გაშეშებას, მისი განმარტებით, ეს დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე.
“თუ ოთახის ტემპერატურაზეა გვამი, მისი გაშეშება-გაციება უფრო გვიან ხდება, გარეთ სიცივეში კი უფრო ადრე 1-დან 3 საათამდე პერიოდში. თუ ხდება გადაადგილება გვამური გაშეშება იხსნება”, – განაცხადა ჭითანავამ.