„ტელეიმედში“ შეჭრის, მთაწმინდის პარკის ჩამორთმევისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმის განხილვაზე ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი მოწმის სახით დაიკითხა.
„ბუნებრივია, პრეზიდენტს ჰქონდა ინტერესი ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკის მიმართ და ბუნებრივია, მას ჰქონდა ინტერესი, რომ ტელეკომპანიებს მხოლოდ დადებითი ელაპარაკა მასზე. მაშინ პირველი არხი, „იმედი“ და „რუსთავი 2“ იყო მნიშვნელოვანი. თავიდან ბადრი პატარკაციშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ ცუდი და შემდეგ უარესი. ეს ურთიერთობა უფრო გაფუჭდა ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, უფლებამოსილებების ბალანსი შეირყა. ამის შემდეგ, პატარკაციშვილმა გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. 2007 წლის ზაფხულში, როდესაც გაირკვა, რომ ოქრუაშვილი მიდიოდა და პატარკაციშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა, ამის შემდეგ დაიწყო პატარკაციშვილთან მოლაპარაკებები „ტელეიმედის“ რკინიგზაში გაცვლაზე. მე ვიყავი ამ მოლაპარაკებებში ჩართული. ვესწრებოდი მოლაპარაკებებს და ვიცოდი, რომ ბადრი ამას არ გააკეთებდა. აქედანაც მკაფიოდ ჩანს სააკაშვილის სარედაქციო პოლიტიკით დაინტერესება, რკინიგზა მაშინ ნახევარი მილიარდი დოლარი ღირდა.
რაც შეეხება ნოემბერში საპროტესტო აქციებს, ვიცოდით, რომ ორი ნოემბერს იყო დაანონსებული აქცია და იქნა გადაწყვეტილება მიღებული ეს მიტინგები ჩატარდებოდა და თავისით ჩაქრებოდა. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ვესაუბრე ვანო მერაბიშვილს ტელეფონით და დამარწმუნა, რომ ის საშუალებები იყო გამოყენებული, რაც ევროპაში იყო აპრობირებული.
„ტელეიმედში“ შეჭრის შემდეგ მივედი პრეზიდენტთან, მაშინ კანცელარიაში იყო მისი ოთახი, იქ ისხდნენ ძალოვნები და საკმაოდ კმაყოფილი ჩანდნენ იმ დღის ნამოქმედარით“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.