კახა კალაძე გუდიაშვილის მოედნის რესტავრაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. მისი ინფორმაციით, მერიამ კონკრეტული მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდა და წინადადებები რამდენიმე კომპანიას გაეგზავნა, რომელთაგან ერთი შეირჩა.
“ეს არის ტყუილი. არ დაიჯეროთ. არანაირად ერთ პირთან არ ფორმდება ხელშეკრულება. ეს არის გამარტივებული შესყიდვა. ეს ახალი არ არის და მე არ მომიგონია. ხდება წინადადებების დაგზავნა ბევრ კომპანიასთან, ასევე სამხარაული აკეთებს ექსპერტიზას, თუ რა ფასი უნდა იყოს დაახლოებით და შესაბამისად, ხდება რამდენიმე კომპანიის შერჩევა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, ვისაც უმუშავია ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაზე და ა.შ. არანაირ ერთ პირთან არ ხდება ხელშეკრულების გაფორმება. დღეს ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში, მაშინ როდესაც მედია თავისუფალია და უამრავი შესაძლებლობებია იმისა, რომ ადამიანებს მივაწოდოთ სხვადასხვა ფორმით ინფორმაცია”, – განაცხადა კალაძემ.