საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” კანონპროექტზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, არის მათი პრინციპული დამოკიდებულება.
“ეს არის ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება. ჩვენ ვთვლით, რომ ვაძლიერებთ მედია გარემოს საქართველოში. ამისთვის კეთდება ყველაფერი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გაძლიერებით, ძლიერდება ზოგადად, მედია გარემო. პირიქით, შინაარსში რომ ჩავწვდით და ზუსტად გავიგეთ თუ რას ნიშნავს კანონი, იმიტომ დავუჭირეთ მას მხარი და იმიტომ დავძლევთ დღეს ვეტოს”– განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ღიმილის მომგვრელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე შიშებზე საუბარი.
“მე ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად ჩამოყალიბდა, რომელიც არ ცემს პატივს იმ ღირებულებებს, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. მთელი ეს პერიოდი სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და შენებას მოანდომა ჩვენმა ხელისუფლებამ. ამ პროგრესს და ამ წარმატებას ხედავს მთელი მსოფლიო. ეს ყველაფერი არ უნდა დაინახოს მხოლოდ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ. რაც შეეხება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს და მონაწილეობას მიიღებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მე ვარწმუნებ მას, მის ადმინისტრაციას და საზოგადოებას, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ფიასკო გიორგი მარგველაშვილის, რომელსაც საზოგადოება დაინახავს”– განაცხადა მათიკაშვილმა.