თბილისის მერია საკანალიზაციო ჭების პრობლემის მოგვარებაზე იწყებს მუშაობას. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, „საკანალიზაციო ჭების თავები არის ორმოები და ეს საკითხი მოსაგვარებელია“.
“ბევრს ვსაუბრობთ ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაზე, ახალი ავტობუსების შემოყვანაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, თუმცა მინდა ერთ პრობლემასაც შევეხო, რომელიც ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად ხვდება. ეს არის საკანალიზაციო ჭების თავები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ კონკერტულ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა არის მოწესრიგებული, ეს საკანალიზაციო თავები წარმოადგენს ორმოებს, შესაბამისად, ძალიან დიდი პრობლემაა მძღოლებისთვის. მე მესმის ამასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, რადგან ეს არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ეს არის კონკრეტული კომპანიების საკუმუნიკაციო სისტემები, მაგრამ მე მგონია, რომ ეს მიდგომა არასწორია. ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამაზე. ვავალებ ჩემს მოაგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომ უახლოეს მომავალში ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა არის მოწესრიგებული, ეს პრობლემა მოგვარდეს. საგზაო ინფრასტრუქტურა როცა მოწესრიგდება, პარალელურად მივხედავთ ამას . ამიტომ გავალებთ, რომ უახლოეს მომავალში დაიწყოთ ამაზე მუშაობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.