ინიციატივა საქართველოს ევროპელებს ეკუთვნის, საბოლოო დოკუმენტი – „ქართულ ოცნებას“. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიცია-ოპოზიციის თანამშრომლობა არა მხოლოდ აუცილებელია, ეს იმის სიგნალიც არის, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და რომ ჩვენ თამაშის ცივილიზებულ წესებს ვანიჭებთ უპირატესობას.
ძალიან სამარცხვინოა, რომ ერთ დროს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც თანამედროვე პოლიტიკას ქმნიდა, საკუთარი ადგილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მომხრეებს შორის ვერ ნახა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. სიის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ „პატრიოტებიც“. მათ რეგისტრაციაც კი არ გაიარეს, როცა პარლამენტში ამ საკითხს განიხილავდნენ. ნაციონალებმა გაიარეს, თუმცა, ხმა არ მისცეს.
დოკუმენტს მხარი 106 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი – 0.
ძალიან უცნაურია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი ადგილი ნინო ბურჯანაძის რიგში, შალვა ნათელაშვილის გვერდით იპოვა. ძალიან გაუგებარია, რომ ნაციონალებმა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი არ დაუჭირეს, სამაგიეროდ მიესალმნენ კვოტირებას.
ინფორმაციისთვის: რეზოლუციის მიღების შემდეგ, პარლამენტმა ხელისუფლებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესადგენად ვადა 2018 წლის 15 ივნისამდე მისცა. სიაში უნდა მოხვდნენ პირები, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე, ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდადებული პირები.
ამავე რეზოლუციით მთავრობას, ასევე, დაევალა, უზრუნველყოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებულ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ ან რამდენი ადამიანი მოხვდება სიაში. თუმცა, უკვე ცნობილია ის პირები, ვინც სიაში აუცილებლად მოხვდებიან. პირველ რიგში, ეს არის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლი. გიგა ოთხოზორია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრემ მოკლა.
თვითმხილველების თქმით, მას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საზღვართან შელაპარაკება ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებთან მოუვიდა. გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოინაცვლა. თუმცა, მას ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი. უკვე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მან რამდენჯერმე ესროლა ოთხოზორიას. ტყვია მას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში მოხვდა. რაშიდ კანჯი-ოღლიმ საკონტროლო სროლა განახორციელა და გიგა ოთხოზორიას თავში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
რაშიდ კანჯი-ოღლი კი თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. გიგა ოთხოზორია ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობის ფაქტი პერიმეტრზე დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირა.
სუს-ის ინფორმაციით, მკვლელი რაშიდ კანჯი ოღლია. მან ოთხოზორიას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. კანჯი-ოღლის ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ კი მსჯავრდადებულის წინააღმდეგ „სისხლის სამართლებრივი დევნა“ შეწყვიტა. 10 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი ოღლის დაუმძიმა სასჯელი და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2017 წლის 17 მარტს კი, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდადებულზე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გამოაცხადა ძებნა. გიგა ოთხოზორია 30 წლის გახლდათ.
დეკლარაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სიაში უნდა მოხვდეს, აფხაზეთის პროკურორიც, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული გენერალური პროკურორი ამჯერად ზურაბ აჩბაა. როცა მკვლელობაში მსჯავრდადებული პირი ინტერპოლს ძებნაზე გადაეცა, ის უკვე ამ პოსტს იკავებდა. თავად მკვლელობის დროს კი უწყებას ალექსეი ლომია ხელმძღვანელობდა. სიაში შესაძლოა შეიყვანონ ის პირებიც, ვინც ოღლის თან ახლდა.
რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილს, აქ საქმე უფრო რთულად არის. ვინ არის უშუალო მკვლელი ან ვისი ბრძანებით მოხდა ტატუნაშვილის წამება, ზუსტად ცნობილი არ არის. ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისთვის. თუმცა, არ არის გამორიცხული, სუს-ი გარკვეულ ინფორმაციას ფლობდეს.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პირი შესაძლოა, დავით გურწიევი იყოს. ის ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორის (ძველი ლენინგორის) პროკურორია. სახელდება მეორე პირიც, ალექსანდრე ჯიოევი რომელიც ახალგორში მილიციის უფროსია. არის ვარაუდი, რომ გურწიევი ტატუნაშვილის დაკავებაში მონაწილეობდა.
სახელდება, ასევე, ახალგორის რაიონის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის უფროსი ფილიპ ხაჩიროვი. თუმცა, მან ტატუნაშვილის მკვლელობასთან მის დაკავშირებას პროვოკაცია უწოდა:
„ტრაგიკული მოვლენა, აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ობიექტურად გამოძიებული და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დამნაშავის დადგენა და ბრალის წაყენება. ჩემ მიმართ რომ ისმის ბრალდება, ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია. ის მიზნად ისახავს ჩემს დისკრედიტაციას და ხალხის უკმაყოფილების გამოწვევას. ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვერ შეასრულებს სპეცსამსახურის ფუნქციებს, რადგან ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ისინი ჩემს ბრძანებებს არ ემორჩილებიან, რადგან ჩემს დაქვემდებარებაში არ შედიან. გარწმუნებთ, რომ სიმართლე დადგინდება“, – განაცხადა ფილიპ ხაჩიროვმა.
ხაჩიროვის ტატუნაშვილის მკვლელობასთან რაიმე სახის შემხებლობას სხვებიც უარყოფენ. როგორც ამბობენ, მას ოჯახი თბილისში ჰყავს და ქართველებისადმი აგრესიული დამოკიდებულება არ აქვს.
2018 წლის 22 თებერვალს ტატუნაშვილი ახალგორის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტიდან ორიოდე კილომეტრში მდებარე სოფელ მოსაბრუნთან, თანხმლებ პირებთან იოსებ პავლიაშვილთან და ლევან ქუტაშვილთან ერთად დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს.
ცხინვალის ციხეში ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი 26-დღიანი ლოდინის შემდეგ გადასცეს ოჯახს. ოკუპირებული ცხინვალის რაიონის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ოფიციალური განცხადებების მიხედვით, ტატუნაშვილი რეგიონში ტერაქტების მოსაწყობად იყო ჩასული და მას ოსების გენოციდი უნდა მოეხდინა. მათივე ვერსიით, მან ციხეში გადაყვანის დროს წინააღმდეგობა გასწია, კიბეებზე დაგორდა და გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე ასეთ ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტატუნაშვილი მოკლულია.
„გამოძიება მიმდინარეობს. ერთხელ ვთქვი, რომ ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი, მოქალაქე, ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანაა გამოძიება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპერტიზის მონაცემები, რომლის შემდგომაც უკვე გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა. დღეს ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ დასკვნის სახით უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა გახარიამ.
როდესაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ დავით ბელიაშვილიც. არჩილისგან განსხვავებით დავითის ოჯახი ოკუპანტების მხარეს აღმოჩნდა. 2008 წლის ომის შემდეგ მათ ოჯახს განსაკუთრებულად გაუჭირდათ. ის 19 წლის იყო, როცა ოკუპირებულ ახალგორში გაუჩინარდა, ოჯახის წევრები 6 თვე ეძებდნენ, ბოლოს კი ტყეში იპოვეს ჩამომხრჩვალი.
ის 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებული ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მილიციაში ბაშარულს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას შემდეგ ოჯახს ის აღარ უნახავს.
იმ დღეს დავითთან ერთად კიდევ ერთი პირი – დავით არზუმანიანი დააკავეს. ამ უკანასკნელის თქმით: „ჩვენ მილიციის განყოფილებაში მიგვიყვანეს და სხვადასხვა კაბინეტებში გაგვანაწილეს, მეტი ბაშარული არ მინახავსო“.
accent-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით:
„ამ დაკითხვის შემდეგ დავით ბაშარული გაქრა. მილიციელებმა განაცხადეს, რომ დაკითხვის შემდეგ ის სახლში მიიყვანეს. მაგრამ აქ ერთი უცნაურობაა: არზუმანიანი სახლში არ მიუყვანიათ – თავად წავიდა, თანაც პირადი ნივთები მას დაკითხვის დასრულებისთანავე დაუბრუნეს, ბაშარული კი – ვითომ მიიყვანეს, ხოლო მისი პირადი ნივთები – მობილური და სხვა – რატომღაც შორეულ ნათესავს გაატანეს მოგვიანებით.
მილიციელებმა საკუთარი ალიბის გასამყარებლად მოწმეებიც იპოვეს, რომლებმაც თითქოს ნახეს, როგორ მიიყვანეს ბაშარული ბიძამისის სახლამდე ახალგორში. თუმცა მოგვიანებით ეს ადამიანები ბოდიშს მოუხდიან გარდაცვლილის ახლობლებს ცრუმოწმეობისთვის და იტყვიან, რომ ჩვენება მილიციელების ზეწოლის შედეგად მისცეს. ამის შესახებ ოფიციალური ჩვენებები არსებობს უკვე თბილისშიც, სადაც ასევე მიმდინარეობს გამოძიება დავით ბაშარულის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით.
დავითის დედა, ნინო ბაშარული მილიციას აკითხავდა, ევედრებოდა და მოითხოვდა, მისი ვაჟი ეპოვათ – ცოცხალი ან მკვდარი, თუმცა მილიციელები მხოლოდ აბუჩად იგდებდნენ და ამბობდნენ, რომ დავითი „საქართველოს ტერიტორიაზე იმალებოდა და ამის შესახებ ქალმა თავადაც მშვენივრად იცოდა“.
საქმეში ქართული პოლიციაც ჩაერთო. დაკარგულის ბედით დაინტერესდნენ კონფლიქტის ზონაში მომუშავე ევროპული ორგანიზაციებიც. ბაშარულის თემის წამოწევა ერგნეთის შეხვედრებზეც დაიწყეს. და აი, 2015 წლის თებერვალში მშობლიურ სოფელ დოლიანის მიდამოებში დავით ბაშარულის ცხედარი აღმოაჩინეს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ იყნოსა, რომ საქმე რეზონანსული იქნებოდა. ჯერ გამოძიება კონტროლზე აიყვანა დე ფაქტო შს მინისტრმა ახსარ ლავოევმა, ხოლო 2014 წლის აგვისტოდან – უკვე „პრეზიდენტმა“ ლეონიდ თიბილოვმა. მან გასცა ბრძანება, ცხედარი ეპოვათ.
და ცხედარი დოლიანთან იპოვეს, მშობლიური სახლის მახლობლად: ნახევრად გახრწნილი, ის ხეზე მავთულით იყო ჩამოკიდებული. იქვე სახლის გასაღები ეგდო – სრულიად სუფთა, თითქოს ვიღაცამ ახლახან დატოვა…
ცხედარი არა სადმე უკაცრიელ ადგილებში ან ბარდებში იპოვეს, არამედ იქ, სადაც ადგილობრივებს ხშირად უწევთ გავლა… „ჩემმა დამ ითხოვა, მისთვის ექსპერტიზის პასუხი გაეცნოთ, მაგრამ უარი უთხრეს. უბრალოდ, თქვეს, რომ დავითმა თავი ჩამოიხრჩო, – მეტს არაფერს გვეუბნებიან. როდესაც ერგნეთის შეხვედრები ტარდება, ქართული მხარე მოითხოვს როსტოვის ექსპერტიზის მასალების გადაცემას, თუმცა ოსური მხარე გაურკვეველი მიზეზებით უარს აცხადებს“. – ამბობს ნინო ბაშარულის ძმა გოდერძი გუთნიაშვილი.
ისტორიკოსი დავით გამცემლიძე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხზე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა. მისი განმარტებით:
– ეს არის წმინდად სიმბოლური აქცია, რომელიც ჯერჯერობით არ სცდება გარკვეულ „ჩარჩოებს“ და „თამაშის წესებს“, რაც 2008 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. იმიტომ, რომ რეალურად არანაირი „სია“ ჯერ არ არსებობს: პარლამენტმა დაამტკიცა „დრაფტი“, რომელშიც კონკრეტული სახელები და გვარები უნდა ჩაიწეროს.
ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ვის ჩაწერს ამ „დრაფტში“ საქართველოს ხელისუფლება: გიგა ოთხოზორიას მკვლელი ყანჯი-ოღლი უდავოდ ჩაიწერება, რაკი ტელეკამერების წინ მოკლა უდანაშაულო მოქალაქე და ეს აბსოლუტურად უეჭველია; ტატუნაშვილის საქმეზე კი მტკიცებულებების წარმოდგენა იქნება აუცილებელი კონკრეტული პირების მიმართ, რათა ევრო-ამერიკელმა პარტნიორებმა ამ ნაწილშიც გაიზიარონ.
ოღონდ, თუ სიაში ჩაიწერება აფხაზ და ოს სეპარატისტთა „ლიდერშიპი“, ანუ, ვთქვათ, აფხაზეთის პრეზიდენტი, „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვისი კავშირიც, კონკრეტულ მკვლელობებთან, ძნელი დასადასტურებელია ფორმალურად, ეს უკვე „თამაშის წესთა“ დარღვევად, არსებული ფორმატის დანგრევის მცდელობად აღიქმება და ამის საშუალებას არავინ მოგვცემს. თუ გავჯიუტდებით, მივიღებთ ბევრად უარეს შედეგს, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური პერსონა იქნება შეყვანილი სიაში, შემდეგ ამ პერსონას რუსეთი, სეპარატისტებთან ერთად, სპეციალურად ჩასვამს დელეგაციაში და ჟენევის „კონსულტაციებზე“ მიავლენს. მაშინ საქართველო იძულებული გახდება, საკუთარ მეგობრებსა და მოკავშირეებს განუცხადოს პროტესტი ვიზის გაცემის გამო, მოსთხოვოს მათი დაპატიმრება, მიიღოს უარი ან დატოვოს ჟენევის ფორმატი და თავად იკისროს სამშვიდობო პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”