გივი თარგამაძეს რაც დაესიზმრება, შეუძლია დილას წყალს მოუყვეს და გაატანოს. თუ სხვა მოსაზრებები აქვს, შეუძლია შესაბამის ორგანოებს ან სასამართლოს განაცხადით მიმართოს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრ გივი თარგამაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე.
კობერიძემ თარგამაძეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნის პერიოდი და ბიზნესზე განხორციელებული ქმედებები შეახსენა.
„თარგამაძე და მისი გარემოცვა თავის დროზე სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ბიზნესს არა თუ ლობირებდნენ, არამედ უბრალოდ ბიზნესმენებს ბიზნესს ძალადობით ართმევდნენ. ეს იყო მათი ჩვეული ფორმა. „ქართული ოცნების“ ის მინისტრები კი, რომლებიც თავიანთ საქმიანობას თავს განსაკუთრებით კარგად ართმევენ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზურაბ ალავიძე, რომელიც ხელისუფლების ოთხპუნქტიან გეგმაში სივრცითი განვითარების კომპონენტის განმახორციელებელია, მათთვის ის დისკრედიტაციისთვის სამიზნეა. ეს ადამიანების ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთების უფლებას რომ აძლევენ საკუთარ თავს, მაფიქრებინებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი, ადრე თუ გვიან უნდა გასამართლდეს. სწორედ მსგავსი ტიპის გამონათქვამების უფლება არ უნდა ჰქონდეს ამ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე თვითონ იყვნენ დაკავებული ბიზნესის არა თუ ლობირებით, არამედ ბიზნესების საკუთარ ჯიბეებში ჩადებით“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.