მამა პეტრე მორიგ სკანდალურ მიმართვას ავრცელებს. “მაპატიე, მაგრამ თავს იტყუებ. ეს ნაკლები დანაშაულია. როცა სხვის მოტყუებასაც ცდილობ, პასუხს აუცილებლად აგებ. შენი წოდება საერთოდ არ გაძლევს სიცრუეში ყოფნის უფლებას.
სურვილი შეიძლება გქონდეს ერთსულოვნების და მშვიდობის, მაგრამ უფრო სიბეცეში გადაგდის. რატომ იჯერებ, რომ რუსეთი გვიშველის და გადაგვარჩენს?! გავიხსენოთ, მასთან დაკავშირებული ყველა ისტორიული თარიღი, რომელიც საბედისწეროდ იქცა. ნუ სპეკულირებ იმით, რომ მართლმადიდებელი ქვეყანაა. მე არ მჯერა მისი მართლმადიდებლობის. ის იმდენად არის მორწმუნე, რამდენადაც მისი პოლიტიკურ მიზნებს სჭირდება. სარწმუნოება ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დგას. ქრისტე მხოლოდ რუსების ღმერთი არ არის. არც ბერძნების და არც მარტო ქართველების. ის მასთან მივა, ვინც მცნებებს და სწავლებებს სწორად დაიცავს.
აფხაზეთის ეკლესია-მონასტრების გადაკეთება, წარწერების განადგურება, ფრესკების შეთეთრება ვანდალიზმი უფროა, ვიდრე ერთმორწმუნეობა. შენი სუბიექტური მიდგომებით ნუ აფასებ მის რეალურ სახეს. არც იმ ბნელებს ვენდობი, რომლებიც ჩრდილოეთს ხაზს უსვამენ და დასავლეთისკენ იშვერენ თითს. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მტერი იარაღით დამიპყრობს თუ იდეოლოგიით.
უკანაკსნელი ბევრად საშიშია, მაგრამ ქრისტიანობა ხომ იდეოლოგიურად გამოიყენა რუსეთმა და საუკუნეებია გვანაწილებს. თითქოს რელიგიის გამო ვისჯებით. თავის დროზე, როდესაც ყალბი ხელშეკრულება გაფორმდა რუსეთ-საქართველოს შორის, ეგონათ, რომ ირანი სარწმუნოებას წაგვართმევდა, ამიტომ მორწმუნე რუსეთი ვარჩიეთ. ჯერ ერთი, რაც არ გვქონდა, სხვა ვერ წაგვართმევდა… და კიდევ, მესამე ძალა იმაზე მეტად ვერ წაგვართმევდა ვერაფერს, რასაც რუსეთი გვართმევს.
მართლმადიდებელი რუსეთი უფრო დიდი მტერია, ვიდრე სხვა დანარჩენი ,,ურწმუნო” მსოფლიო… დარწმუნებული ვარ, შენც ასე ფიქრობ, მაგრამ საპირისპიროს ამბობ, როგორც გეორგიევსკის ტრაქტატი…”