ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ვერ მოითმინეს შემოქმედის გაქილიკება და მოთმინებამ უმტყუნა, პატიმრობის შეფარდება ვფიქრობ, არასამართლიანი და არამართლზომიერია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები და გარკვეული ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი რწმენის, ეკლესიის, წინაპრებისა და ყველაფრის შეურაცხყოფას, რაც კი წმინდაა ქართველი ადამიანისთვის. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ქართველი შეურაცხყოფდა მთელი ერის სათაყვანებელ და სამაგალითო მეფეს, რომლის მსგავსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ქალი ქვეყანას არ ჰყოლია. მისი მეფობის პერიოდი ოქროს ხანად არის ცნობილი ისტორიაში. ყველა ერს ჰყავს თავისი ქვეყნის გამორჩეული პიროვნებები, რომლებსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. სწორედ ასეთია ქართველი ერისთვის წმინდა მეფე თამარი. იგი დღესაც მეოხი და მფარველია ჩვენი ქვეყნისა და ასეთი ადამიანის შეურაცხყოფა მთელი ერის შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხებაა. გაუგებარია რატომ უნდა უნდა მოგივიდეს ასეთი სიბინძურის ჩადენა და რატომ უნდა მიაყენო ტკივილი შენი ქვეყნის მოსახლეობას. ვფიქრობ, ეს იმ დიდი, ბინძური სცენარის ნაწილია, რომელიც მიმართულია ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიისა და ზნეობის წინააღმდეგ.
დღეს, სამწუხაროდ, ზოგიერთს, მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებლების შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლება ჰგონია, ხოლო უზნეობაზე პროტესტის გამოხატვა დანაშაული. ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ვერ მოითმინეს შემოქმედის გაქილიკება და მოთმინებამ უმტყუნა, პატიმრობის შეფარდება, ვფიქრობ, არასამართლიანი და არამართლზომიერია. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, მითუმტეს ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, რადგან ქრისტიანობა დაფუძნებულია სიყვარულზე, მაგრამ ძალადობის პროვოცირებაც დასაგმობი და მიუღებელი უნდა იყოს. ქართველ ადამიანს მოთმინების დიდი უნარი აქვს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სამშობლოს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ერის რჩეულ ადამიანებს, ზნეობასა და ღირსებას, მოთმინება და დუმილი დანაშაულია. სხვას ვერ მოსთხოვ შენი ერის პატივისცემას, თუ შენ არ სცემ პატივს შენს წარსულსა და ისტორიას. ღირსებააყრილი, თავისი ისტორიისა და სახელოვანი წინაპრების შეურაცხყოფილი, დამონებული და უთავმოყვარეო ერი არც ევროპას და არც არავის სჭირდება. ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ და არც არავის უნდა მივცეთ ჩვენი ერის, სარწმუნოებისა და წინაპრების შეურაცხყოფა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გაუპროტესტებია აღნიშნული ფაქტები. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ზნეობისა და ღირსების დაცვა არ ფინანსდება. ამისთვის გრანტებს არ იძლევიან. დღეს ვნების კვირეულის ოთხშაბათია. დღე, როცა იუდამ 30 ვერცხლად გაყიდა ქრისტე. თქვენც ნუ გაყიდით ქრისტეს და ნუ დაკარგავთ მარადიული სიცოცხლის შანსს“, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.