ჩემთვის პირველადი ვერსიითაა ცნობილი, ჩვენი თანამოქალაქეების სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი მოვლენა სამთო დარტყმა გახდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მინისტრმა ტყიბულში, მინდელის შახტაში გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს.
„გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. როგორც ჩემთვის პირველადი ვერსიითაა ცნობილი, ჩვენი თანამოქალაქეების სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი მოვლენა სამთო დარტყმა გახდა, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს როგორც მიზეზებს, ასევე იმას, თუ რამდენად შეეძლო ამ სამთო დარტყმას გამოეწვია ის შედეგი, რაც დადგა. რაც შეეხება წინა შემთხვევას, როგორც მოგეხსენებათ, ჩატარდა გამოძიება და პასუხისმგებელ პირს, ვინც უსაფრთხოების წესებზე აგებდა პასუხს, სასამართლომ სასჯელიც შეუფარდა. თუმცა ბუნებრივია, ყველას გვაქვს კითხვები, თუ რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, დამსაქმებელმა და თითოეულმა დასაქმებულმა შრომითი უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად გადადგმულია ბევრი ნაბიჯი, მათ შორის, ცოტა ხნის წინ მიღებულია კანონი, რომელითაც კიდევ უფრო ძლიერდება შრომის ინსპექციის უფლებები და მას მიეცა დაჯარიმების უფლება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინდელის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი დაშავდა.
„გამოძიება დაადგენს როგორც მიზეზებს, ასევე იმას, თუ რამდენად შეეძლო სამთო დარტყმას გამოეწვია ის შედეგი, რაც დადგა“
2018/04/10 15:07:29

ნანახია: 918 ჯერ