საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოფიო კილაძის თქმით, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში პატივს სცემენ პოლიტიკური პარტიის შიგნით არსებულ თამაშის წესებს და ეს დემოკრატიული პროცესის შეფერხებად არ მიიჩნევა.
„აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ გუნდის შიგნით იქნება თუ გარეთ, დემოკრატიული პროცესები რაიმე ფორმით შევაფერხოთ. პირიქით, ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, რომ გუნდის ყველა წევრს აქვს საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი. აქ საუბარია კონკრეტულ წესებზე, რომლებზეც ყველა ერთად შევთანხმდებით ნებაყოფლობით, აქ საუბარია მხოლოდ ნებაყოფლობითობაზე, არავითარი იძულება.
ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც არსებობს გარკვეული თამაშის წესები, მათ შორის პოლიტიკური პარტიის შიგნით, ამას სცემენ პატივს და ეს არ ითვლება, როგორც დემოკრატიის შეფერხება. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ კონსტიტუციით გარანტირებულ დეპუტატის თავისუფალი მანდატის შეზღუდვაზე, არამედ იმაზე, რომ არსებობს გარკვეული ელემენტარული წესები, რომელთაც ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.