საფრანგეთის ელჩი საქართველოში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტს ბიძინა ივანიშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული.
პასკალ მენიე ასევე აღშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისი ერთ-ერთი წინამორბედის, ერიკ ფურნიეს მიმართ ბრალდებებით.
„ვერ დაგიდასტურებთ ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას – მოგეხსენებათ, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის მიხედვით, სასამართლო დამოუკიდებელია, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი აღშფოთება იმ სერიოზული და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, რომელიც ჩემი ერთ-ერთი წინამორბედის მიმართ გამოითქვა. მისი [ერიკ ფურნიეს] გმირული ქცევა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის მისასალმებელი აღმოჩნდა”, – აცხადებს პასკალ მენიე.
განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების სამსახური დევნის, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში 1 მაისს გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტს ივანიშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული, რათა „პასუხი აგებინოს საფრანგეთში კორუფციისა და განხორციელებული მაქინაციებისთვის”.
ივანიშვილის ერთ-ერთი მაქინაცია, სააკაშვილის თქმით, სწორედ საფრანგეთის ყოფილი ელჩის, ერიკ ფურნიეს მოსყიდვაა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.