ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების: არჩილ თალაკვაძის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, გიორგი ხატიძის, ოთარ დანელიას, გიორგი ვოლსკის, კახაბერ კუჭავას და ზვიად კვაჭანტირაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები განიხილეს: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
როგორც მომხსენებელმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გამშვებ პუნქტებზე ქართველ მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ, ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი შეაჩერონ, თუ მას წესრიგში არ ექნება პასპორტი, ვერ დაასაბუთებს, სად მიდის და როდის ბრუნდება.
„პირველ რიგში, მინდა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომელთაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, დიდი პატივისცემა დავუდასტურო და მივაწოდო დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებზე, რომელსაც პარლამენტი განიხილავს კანონში. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, გამშვებ პუნქტებზე ჩვენს მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ, შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუ მას წესრიგში არა აქვს პასპორტი, ვერ ასაბუთებს, სად მიდის და როდის ბრუნდება. ასეთი უფლებით უკვე აღჭურვილი არიან ევროკავშირის მესაზღვრე პოლიციელები და შემოთავაზებული ცვლილებებით იგივე უფლებებით აღიჭურვებიან ჩვენი პოლიციელებიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ასევე დასჯადი ხდება ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზება, რაც თავის მხრივ, შეიცავს ტრეფიკინგის რისკებს.
კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ევროინტეგრაცია და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის უდიდესი მონაპოვარია.
„ჩვენ ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ამ მონაპოვრის გზაზე დადგება, ვალდებული ვართ ადეკვატურად ვუპასუხოთ. თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს პრობლემური. იმისთვის, რომ მოვხსნათ ორმაგი და სამმაგი ინტერპრეტირების შესაძლებლობა, უნდა ვიმუშაოთ, რათა კანონში გასწორდეს ყველა შესაბამისი ჩანაწერი, რომელმაც შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. არ შეიძლება, შევზღუდოთ ის ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში არიან და რომლებიც ემიგრაციიდან გვერდით უდგანან თავის ქვეყანას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ წარმოადგინა.
კანონპროექტის მიზანია, გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეებისათვის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის ხელმისაწვდომობა.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ. მისი თქმით, ზუსტდება ცალკეული მუხლები და აღმოიფხვრება არსებული ხარვეზები, რაც ხელს შეუწყობს სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებას.
მოქალაქე ავთანდილ ვახტანგიშვილის მიერ წარმოდგენილ „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ასეთივე კანონპროეტზე უკვე მუშაობს იურიდიული კომიტეტი.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.