ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა, სამი მიზეზიდან ერთ-ერთი, რის გამოც ის პოლიტიკაში დაბრუნდა. – ამის შესახებ ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს და სწორედ ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში, თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ. დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მით უმეტეს, ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის, თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა. მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, დიახ – მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, დღეს არის ისტორიული გარდატეხის მომენტი და „სწორედ ახლა არ არის უიმედობისა და გულგატეხილობის უფლება“. “ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვებების უფლება გვაქვს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.