საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესს რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, მკვლელობის გამოძიების საქმეში არსებობს კითხვის ნიშნები, რომელთაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს.
ომბუდსმენის თქმით, მოწმეთა დაკითხვისას არ იყო დასმული ის კითხვები, რომელიც საქმის მნიშვნელოვან დეტალებს გამოააშკარავებდა. მისივე განმარტებით, არაა დაკითხული ყველა ის მოწმე, რომელიც მკვლელობას შეესწრო.
ომბუდსმენის თქმით, საქმეში არსებობენ ისეთი პირიც, რომელსაც არავინ მოუკლავს, თუმცა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაჭრა.
„ჩვენი აპარატის წარმომადგენლებმა მაქსიმალურად ინტენსიურ რეჟიმში შეისწავლეს მკვლელობისა და დანაშაულის დაფარვა- შეუტყობინებლობის გამოძიების საქმის ის მასალები, რომლებიც სასამართლოში გადაიგზავნა.
მოწმეზე ზემოქმედების საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, თუმცა შსს ამას ეტაპობრივად გაგვაცნობს.
ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია შემდეგი ფაქტები: გაჩნდა კითხვა, რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ერთ შემთხვევაში იმ პირის ტანსაცმელი, რომელიც ჩხუბში უშუალოდ მონაწილეობდა, როცა ეს მოქმედება ჩხუბში მონაწილე სხვა პირთა მიმართ ჩატარდა.
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, მოწმეთა უმრავლესობა არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ჩვენი შესწავლით გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მოწმეების დაკითხვისას არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში.
ამის პარალელურად, გარკვეული მოწმეები, რომელთაც დიდი ალბათობით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდათ, არ არიან დაკითხულები ან გამოკითხულები.
ასევე, დანაშაულის დაფარვის ნაწილში იკვეთებოდა არა მხოლოდ იმ პირთა პასუხისმგებლობის საფუძველი, რომლებიც 9 ივნისამდე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, არამედ – სხვა პირებისაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით, ან საერთოდ არ ჩატარდა.
ამავდროულად, გამოსაკვლევია ჩხუბში მონაწილე იმ პირების ბრალეულობის საკითხი, რომლებიც, შესაძლოა, უშუალოდ მკვლელობის აღმსრულებლები არ იყვნენ, მაგრამ რომელთაც, შესაძლოა, ჩადენილი აქვთ სხვა დანაშაული; მაგალითად, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირის სავარაუდო დაჭრა.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზა დაგვიანებით ჩატარდა, ექსპერტიზითა და მოწმეთა ჩვენებებით, საქმის მასალებში შესაძლო სხვა დანაშაულის (ანუ სავარაუდო დაჭრის) ჩადენის ნიშნები იკვეთებოდა. ამ გარემოებებზე გამოძიება არ იყო ჩატარებული.
ე. წ. ფარდულის დაშლის ეპიზოდი ჩვენც ამ ეტაპზე მიგვაჩნია პრობლემატურად, რადგან ვერ დავინახეთ ის საკითხი, – თუ ვინ გასცა მისი დაშლის ნებართვა. ასევე, ფარდულის პირვანდელი მდგომარეობა არაა ზუსტად იდენტიფიცირებული.
ჩვენ ჯერ კიდევ შესასწავლი გვაქვს სასამართლო განხილვის მასალები, რომლებსაც სასამართლოში გავეცნობით. ასევე, მნიშვნელოვანია, გავეცნოთ სასამართლოს განაჩენს, რომელიც ამ ეტაპისთვის, არაა ხელმისაწვდომი.
ყველა მასალის გაანალიზების შემდეგ ჩვენ საზოგადოებას საბოლოო დასკვნებს წარვუდგენთ.
აქვე, გვინდა მივესალმოთ შსს-ს მიერ წარმოებულ აქტიურ საგამოძიებო პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, პარალელურ რეჟიმში უამრავი საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება და როგორც გავრცელდა ინფორმაცია, რამდენიმე პირს წარედგინა ბრალი. ვფიქრობ, რომ ამ პირებისთვის ბრალის წაყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს პასუხებამდე იმ კითხვების ნაწილზე, რაც ჩვენ გვაქვს.
იმედს ვიტოვებთ, რომ შსს ყველა ამ კითხვას პასუხს გასცემს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ჩვენ შსს-ს მიერ წარმოებული გამოძიების ეფექტურობასაც შევაფასებთ. “ – თქვა ლომჯარიამ.