კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს.
მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ძალოვანებმა დაშალონ.
„გეგმები არ შეიცვლება და კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწა რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება ვიდრე ჩემი და ზაზას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ განთავსებული კარვები დაშალეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, სამართალმდაცველებმა პარლამენტის წინ აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
როგორც უდუმაშვილმა “იმედს” განუცხადა, დაკავებულები არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და სხვები.