ძლიერი წვიმის გამო სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამის შესახებ სამსახურის განცხადებაში წერია.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ყველაზე მეტი შეტყობინება შევვიდა გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროსადგურ “ახმეტელის” შესასვლელი. მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.
“წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას.
ამ წუთებისთვის, მეხანძრე-მაშველები გლდანის რაიონში 5 სახლის სარდაფიდან აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.
წყლის ნაკადმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია თამარაშვილის ქუჩაზეც, სადაც მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულან”, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.