ვფიქრობთ, ვარშავის სამიტის შედეგად არსებითი პაკეტი კიდევ უფრო გაფართოვდება და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
”ასევე, ველოდებით დადასტურებას იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია, როგორც სამხედრო რეფორმით და ნატო-სთან სამხედრო შენაერთების თავსებადობის კუთხით, ასევე, დემოკრატიის განვითარების კუთხით ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დადასტურებას 2015 წლის მინისტერიალის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაწევრიანდეს ალიანსში. ვარშავის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის და ვფიქრობთ, რომ ამ სამიტის შედეგად საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია ნატო-სთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრთხოება კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.